ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის და საკრებულოსთვის, ვებ-გვერდის შექმნის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი არის გამოცხადებული. ტენდერის ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით 8 500 ლარია.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის-www.ozurgeti.gov.ge დომეინზე განსათავსებელი, თანამედროვე და ტექნიკურად გამართული ვებ-გვერდის შექმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ვებ-გვერდის ყველა დეტალის შესრულება აუცილებლად უნდა იყოს შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული და მომზადების პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნას მათი შენიშვნები.
ვებ-გვერდი უნდა იყოს ორენოვანი: ქართული და ინგლისური, სადაც ჩაშენებული იქნება ავტომატური თარგმნის რეჟიმი.
გამოყენებული უნდა იქნას შემდეგი პროგრამული ტექნოლოგიები: HTML, CSS, JavaScript, JQuery, Ajax, PHP, MySQL.
სისტემის დიზაინი წინასწარ უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან (ოზურგეთის მერია და ოზურგეთის საკრებულო).
ვებ-გვერდის იერარქია, სტრუქტურა და ჩანართები უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან (ოზურგეთის მერია და ოზურგეთის საკრებულო). ასევე, ვებ-გვერდზე უნდა განთავსდეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ბმულები, რომლებიც უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან.
სისტემა უნდა იყოს წარმოდგენილი მთლიან ეკრანზე მიუხედავად ზომისა და ადაპტირებული უნდა იყოს მობილური ვერსიისთვის.
ვებ-გვერდს უნდა გააჩნდეს საძიებო სისტემა, ე.წ. „live search” ინფორმაციის შეყვანის პარალელურად უნდა გამოჰქონდეს არსებული ვარიანტები, განთავსების თარიღის მიხედვით, ასევე გაფართოებული ძებნის ფუნქცია, შემსყიდველთან შეთანხმებით.
ვებ-გვერდი ხარვეზების გარეშე უნდა მუშაობდეს ყველა პოპულარულ ოპერაციულ სისტემაზე (Windows, Linux, Android, IOS) და ყველა პოპულარულ ბრაუზერში (IE, Firefox, Chrome, Opera, Safari), ოპტიმიზირებული უნდა იყოს ძირითადი საძიებო სისტემების (google, yahoo, bing, yandex) მოთხოვნების შესაბამისად.“ – აღნიშნულია tenders.procurement.gov.ge-ზე ატვირთულ დოკუმენტში.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ვებ-გვერდზე შესვლა რამდენიმე თვეა ვერ ხერხდება. ტენდერში მონაწილეობის მიღება 29 მაისამდე არის შესაძლებელი. ამ დროისთვის განაცხადი არავის არ შეუტანია.


































































