1 სექტემბერს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზომლეთში მცხოვრები ბადრი კვაჭანტირაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველო კვაჭანტირაძეს ედავებოდა 15 წლის წინ ერთი ხის უკანონოდ მოჭრას (როგორც სამსახურის თანამშრომლებმა თქვეს, ჯი პი ეს მოწყობილობამ დააფიქსირა ხის მოჭრის ფაქტი, თავად მოჭრილი ხე კი ერთ-ერთ სახერხზე იპოვეს). ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ დაახლოებით 15 წლის წინ მის საკარმიდამოში მოჭრა სამი ხე და თურმე, ერთი ყოფილა სახელმწიფო ტერიტორიაზე.
“ეს ტერიტორია? იცით, სად არის? ჩემს კარმიდამოს გვერდით, სადაც არის დიდი კლდე და აქედან გამომდინარე, იქ მცენარე არ ამოვიდოდა. მთელი სოფელი დაგიდასტურებთ რომ ეს ხეები ჩემს კარმიდამოში მოჭრა მამაჩემმა სახლის მშენებლობის დროს. აქედან ნაწილი გარდაცვლილის სასახლისთვის გამოვიყენეთ. ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეს ყველგან დავამტკიცებ“, _ თქვა პროცესზე კვაჭანტირაძემ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელმა თავისი სიტყვის დროს აღნიშნა, რომ კვაჭანტირაძემ ერთი ხე მოჭრა უკანონოდ და ამის შესახებ დაიწერა შესაბამისი ოქმი. ისინი ითხოვდნენ მათ მიერ დაწერილი ოქმის საფუძველზე აღსრულებულიყო კანონი და კვაჭანტირაძის დაეჯარიმებინათ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კვაჭანტირაძის თქმით, თუ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა, 750 ლარის გადახდა მოუწევდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელის თქმით კი, საუბარია 450 ლარზე, ხოლო მოსამართლემ სიტყვის დროს აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ამ შემთხვევაში 2 000 ლარამდე ჯარიმას გულისხმობდა.
საბოლოოდ, მოსამართლე თამთა საჯაიას გადაწყვეტილებით, კვაჭანტირაძეს მიმართა სამართლებრივი დავა შეწყდა _ ის გამართლდა და გახარებულმა დატოვა სასამართლო დარბაზი.

































































