ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, ოთხკილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რომელზეც დიდი ხანია დადის ძიმითის, ნაგომრის, ჩოხატაურის კარიერებიდან მომავალი მძიმეწონიანი ტვირთმზიდები, გამუდმებული დაზიანების, უფრო დანგრევის მდგომარეობაშია. ამის გამო სერიოზულად წუხს ადგილობრივი მოსახლეობა.
გზის ამ მონაკვეთი, რომელი საგანგებოდ კარგად გაკეთდა, მაინც ყოველ წელს თავიდან გასაკეთებელია.
_ გგონიათ, გზა კარგად არ გაუკეთებიათ? სხვაგან არ ვიცით და ბოლო პერიოდში, აქ მართლაც საუკეთესო ასფალტი დაიგო. თუმცა ნახევარი წელი არ გავა, რომ ყველა მონაკვეთი არ ჩაიქცეს. ამდენი ტვირთმზიდების დაწოლას, ვერცერთი გზა ვერ გაუძლებს. სილაურიდან, ნაგომრიდან, ძიმითიდან, თვით მელექედურის კარიერებიდან, ჩოხატაურიდან წამოსული მძიმე ტვირთმზიდი მანქანები სპობენ ამ გზას, _ ამბობენ ადგილობრივი მცხოვრებლები.

როგორც ცნობილია, ეს გზა საგანგებოდ გაკეთდა, რომ მძიმე ტრანსპორტი არიდებოდა ქალაქ ოზურგეთის ცენტრს და კარიერებიდან წამოღებული ინერტული მასალა ამ გზით წაეღოთ ურეკის მიმართულებით მდებარე ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საწარმოებში.

„გურია ნიუსი“ ეწვია სოფელ მელექედურს, აქვე მდებარე კარიერებს. ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ არის ზოგი სასიკეთო ცვლილებაც _ ის მძიმე ტვირთმზიდები, მთებივით რომ ედგათ ძარაზე ინერტული მასალა, ისე სავსე აღარ დადიან. შედარებით ნელაც მოძრაობენ, თუმცა ეს საქმეს არ შველის. აუცილებელია, იდგეს სასწორები, ზედმეტი ტვირთი არ უნდა წაიღონ. ამით გადარჩება გზებიც და გურიის მდინარეთა კალაპოტებიც განადგურებასო, _ ამბობენ ისინი.
„გურია ნიუსი“ ათეული წლებია, წერს, გურიაში კარიერებზე არსებული ვანდალური მოქმედების შესახებ. იყო ფაქტი, როცა სილაურის მონაკვეთზე გვატყუებდნენ, თითქოს, სასწორი იდგა და სინამდვილეში, როცა გადავამოწმეთ, მძიმე ტვირთმზიდი ტყუილა გადადიოდა „ვითომ დანადგარზე“, თითქოს სასწორი იყო და წონიდნენ.
პრობლემის შესახებ ვრცლად მალე ვუამბობთ ჩვენს მკითხველებს.
ავტორი

































































