საქსტატმა მეცხოველეობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
2025 წლის პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა, ხოლო ფრინველის რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 4.9 პროცენტით შემცირდა და 861.1 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 396.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 152.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.3 პროცენტით გაიზარდა და 8.5 მილიონი ფრთა შეადგინა”,_ ნათქვამია საქსტატის გავრცელებულ ინფორმაციაში.
წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია რძის და ხორცის წარმოებაც.
“წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 108.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.4 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 17.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 172.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2 პროცენტით მეტია”,_ ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.