საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 576.5 ათასი შემოსვლა, რაც 4.3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 49.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
2022 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 431.3 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4.8-ჯერ არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 460.0 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 3.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
საერთაშორისო ვიზიტორების 89.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტები წილმა 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.2 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2022 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 66.8 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 15.5 პროცენტს შეადგენს და გაზრდილია 126.9 პროცენტით 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (103.8 ათასი) თურქეთის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 104.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 50.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 33.6 პროცენტს შეადგენდა.
2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (49.9 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
2022 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 777.8 ლარი შეადგინა.