საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის საყოველთაო მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, თანამედროვე ელექტრონული მეთოდოლოგიით ჩატარებულმა აღწერამ ქვეყნის დემოგრაფიული რეალობა სრულად დაგვანახა. მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის საერთო რაოდენობა 5.8%-ით გაიზარდა (3 939 581 კაცი), რეგიონებში სრულიად საპირისპირო ტენდენციები იკვეთება. გამონაკლისი არც გურიის მხარეა, რომლის შიდა დემოგრაფიული მაჩვენებლები სერიოზული განგაშის საფუძველს იძლევა.
აღწერის ოფიციალური მონაცემებით, გურიამ ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობის თითქმის 10% დაკარგა. თუ 2014 წლის აღწერით რეგიონში 113 350 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წელს ეს ციფრი 102 408-მდე შემცირდა. კლებამ 9.7% შეადგინა.
განსაკუთრებით მძიმე სურათია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობა 14.5%-ით შემცირდა და ის საქართველოში იმ ტოპ-10 მუნიციპალიტეტის სიაში მოხვდა, სადაც მოსახლეობის კლების ტემპი ყველაზე მაღალია. ამჟამად რეგიონის 184 სოფელში სულ 70 811 კაცი ცხოვრობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გურული სოფლები თანდათან ცარიელდება.
თუ ადრე გურია მრავალსულიანი, ხმაურიანი ოჯახებითა და ეზოებით იყო ცნობილი, დღეს სტატისტიკა სულ სხვა რამეს გვეუბნება _ რეგიონში სულ 33 559 ოჯახი (შინამეურნეობა) ფიქსირდება და მათი სტრუქტურა ასე გამოიყურება:
ორსულიანი ოჯახები ყველაზე გავრცელებულია _ 9 097 შინამეურნეობა;
ერთსულიანი (მარტოხელა) ოჯახები მეორე ადგილზეა _ 7 160 სახლში ადამიანი სრულიად მარტო ცხოვრობს!
სამსულიანი _ 6 048, ოთხსულიანი _ 4 326, ხოლო ხუთსულიანი _ 3 099 ოჯახია.
რაც შეეხება დიდ, მრავალსულიან ოჯახებს (10 და მეტი წევრით), ასეთი მთელ გურიაში მხოლოდ 101 ოჯახიღა დარჩა.
ქალაქებსა და დაბაში სურათი იდენტურია _ აქაური 9 926 ოჯახიდან უმრავლესობა ორსულიანი (2 465) ან სრულიად მარტოხელაა (1 951).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 18 755 შინამეურნეობიდან 3 804 ერთსულიანია, ხოლო 4 923 _ ორსულიანი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: 9 138 შინამეურნეობიდან 2 039 მარტოხელაა, 2 631 კი _ ორსულიანი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: 5 666 შინამეურნეობიდან 1 317 ერთსულიანია, 1 543 _ ორსულიანი.
შინამეურნეობების ასეთ დანაწევრებასა და მარტოხელა მოხუცების სიმრავლეს პირდაპირ ხსნის რეგიონის ასაკობრივი პირამიდა _ რეგიონის 102 408 მცხოვრებიდან 60 წლისა და უფროსი ასაკის 33 859 ადამიანია, რაც მთელი მოსახლეობის 33%-ს (ზუსტად მესამედს) შეადგენს. მათ შორის, ღრმად მოხუცებული, 85 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა 2 667-ია (ოზურგეთში _ 1 450, ლანჩხუთში _ 697, ჩოხატაურში _ 520).
მუნიციპალიტეტების მიხედვით დაბერების დონე ასეთია:
ჩოხატაური: ხანდაზმულები (60+) შეადგენენ მოსახლეობის 36.6%-ს (6 243 კაცი). აქ ახალგაზრდების (15-29 წელი) რაოდენობა სულ რაღაც 2 246-ია.
ლანჩხუთი: ხანდაზმულთა წილი 34%-ია (9 164 კაცი).
ოზურგეთი: ხანდაზმულთა წილი 31.5%-ია (18 452 კაცი).
აღსანიშნავია, რომ სამივე მუნიციპალიტეტში კრიტიკული ვარდნა ფიქსირდება 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (ოზურგეთში _ 2 036, ლანჩხუთში _ 884, ჩოხატაურში _ 595). ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ მშობლიურ კუთხეს სწავლისა თუ დასაქმების მიზნით, სოფლებში კი მოხუცები მარტო რჩებიან.
გურიაში სხვა ქვეყნებიდან შემოსული იმიგრანტების საერთო რიცხვი 3 811 ადამიანს შეადგენს. მათგან უდიდესი ნაწილი _ 1 469 პირი რუსეთის ფედერაციიდან არის შემოსული. თურქეთიდან და უკრაინიდან რეგიონში 445-445 პირი დაფიქსირდა, საბერძნეთიდან _ 206, ხოლო იტალიიდან _ 113.
თუმცა, ამ ადამიანების ჩამოსვლის მთავარი მოტივი ეკონომიკური (სამუშაო) არ არის: 1 195 პირი ოჯახის გაერთიანების/შექმნის გამო ჩამოვიდა, ხოლო 1 338 _ საცხოვრებელი გარემოს შესაცვლელად. დასაქმების მიზნით რეგიონში მხოლოდ 321 იმიგრანტი შემოვიდა.
გურიის რეგიონის მოსახლეობის 97.3%-ს (99 711 პირს) ეთნიკურად ქართველები შეადგენენ. ეროვნულ უმცირესობებს შორის ყველაზე მსხვილი ჯგუფი სომხური დიასპორაა (1 227 ადამიანი, ძირითადად ოზურგეთში), ხოლო რუსეთის მოქალაქეების შემოდინების მიუხედავად, მუდმივად მცხოვრები ეთნიკურად რუსი სულ 570-ია.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე რადიო “პალიტრასა” და “პალიტრანიუსის” გადაცემაში “საქმე” საუბრისას აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ზრდისა, რეალობა განგაშის საფუძველს იძლევა:
“მოსახლეობის რაოდენობამ მოიმატა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთელი მატების მხოლოდ 43% მოვიდა საქართველოს მოქალაქეებზე. დანარჩენი 57% მოდის სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. წინა აღწერასთან შედარებით, მაგალითად ინდოეთის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა 55-ჯერ, არაბული ქვეყნებიდან – 22-ჯერ, ისრაელის მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 15-ჯერ… წილობრივად, საქართველოს მოქალაქეების შემცირების ტენდენციაა”.
სტატისტიკოსის განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა მოხუცებისა და ბავშვების თანაფარდობა, რაც შობადობის კლებითა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებითაა (მამაკაცებში მან პირველად გადააჭარბა 80 წელს) განპირობებული:
“15 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა დაახლოებით 1.4%-ით არის შემცირებული, ხოლო 65 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა ამდენჯერვე არის გაზრდილი… თუ საუკუნეების მიჯნაზე 100 ბავშვზე მოდიოდა დაახლოებით 35 ასაკოვანი ადამიანი, 2024 წლის აღწერის მიხედვით ეს მაჩვენებელი 90-ს გადაცილდა. ჩვენი მოსახლეობის მედიანური ასაკი 31 წლიდან 38 წელზე გავიდა, ანუ ერი თითქმის 7 წლით დაბერდა.”
არჩვაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლების დაცარიელებას, რაც გურიის მაგალითზეც ნათლად ვნახეთ. მისი თქმით, საქართველოში დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 10 წელიწადში 1.5-ჯერ გაიზარდა (200 სოფელი სრულიად დაუსახლებელია, ხოლო 278 სოფელში 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს):
“სოფლის მოსახლეობა მცირდება და ეს პროცესი, სამწუხაროდ, შეუქცევადია. სოფლად მცხოვრებთა მედიანური ასაკი ბევრგან უკვე გადასცდა ქალთა ფერტილობის ზედა ასაკს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბუნებრივი მატება მხოლოდ საკუთარი ძალებით იქნეს დაძლეული”.
ავტორი

































































