“სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) საქართველოს პოლიტიკური პარტიების 2025 წლის ფინანსურ ანალიზს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ მმართველი პარტიის შემოსავლები ყველა სხვა ოპოზიციური ძალის ჯამურ ბიუჯეტს აჭარბებს.

“2025 წლის წლიური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროში 44-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, თუმცა მათ შორის ფინანსური ბრუნვა მხოლოდ 25 პარტიას გააჩნდა. 21 პოლიტიკურ გაერთიანებას გასული წლის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი, ხოლო 19-ს – ხარჯი.
– პოლიტიკური პარტიების ჯამურმა შემოსავალმა დაახლოებით 49 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი შემოსავალი (26.5 მლნ ლარი) მიიღო, ვიდრე ყველა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად (22.5 მლნ ლარი).
– სახელმწიფო ბიუჯეტიდან ექვსი პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად გასული წლის განმავლობაში სულ 8.9 მლნ ლარი გაიცა, რომლის 68% „ქართულ ოცნებას“ ერგო. ამასთან, წლის ბოლოსათვის კიდევ უფრო შემცირდა სახელმწიფო დაფინანსების მიმღები პარტიების რიცხვი.
– შემოწირულებები 21-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. შემოწირულებების ჯამური ოდენობა 27 მლნ ლარს აღემატებოდა, ხოლო მისი 67% ერთ პარტიაზე, „ქართულ ოცნებაზე“, მოდიოდა.
– პოლიტიკური პარტიების ჯამურმა ხარჯმა 2025 წელს 46 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის, 23.8 მლნ ლარი (52%) „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა.
– პარტიების საერთო ხარჯების უმეტესი ნაწილი რეკლამის (13.9 მლნ ლარი), შრომის ანაზღაურების (5.4 მლნ ლარი), იჯარისა (4.3 მლნ ლარი) და კაპიტალურ (9.4 მლნ ლარი) ხარჯებზე მოდიოდა”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.





































































