ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ სამსახურის უფროსებს სახელფასო ანაზღაურება გაეზარდათ. როგორც ირკვევა, საბაბი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგან მიღებული წერილია.
საქმე ისაა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს პირველი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზარდათ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ლანჩხუთის მერიის თანამშრომლებსაც. საკრებულომ ამის შესახებ დადგენილება მიმდინარე წლის 20 იანვარს დაამტკიცა. ამ დადგენილებით მერის ხელფასი 7200 ლარით განისაზღვრა, მისი პირველი მოადგილის 5600 ლარით, ხოლო მოადგილის 5120 ლარით. რაც შეეხება სამსახურის უფროსებს, მათი ანაზღაურება 3200 ლარი გახდა. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასმა 1760 ლარია შეადგინა, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის _ 1600 ლარი.
ირკვევა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ 20 იანვარს, საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების სამართლებრივი ექსპერტიზა განახორციელა და ხარვეზიც გამოავლინა.
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი რანგის იერარქიული თანამდებობის_ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის _ სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო (3 520 ლარი) არ შეესაბამება “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონს… ამდენად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა 2026 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელი თანამდებობრივი სარგოები ექვემდებარება მართებულად დაანგარიშებას
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, აუცილებელია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 132-ე მუხლის შესაბამისად, დროულად უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება“, _ მიუთითებს მთავრობის ადმინისტრაცია.
საკრებულომაც ყურად იღო მთავრობის მითითება და თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დაშვებული ხარვეზი გამოასწორა, ჰოდა, ნაცვლად 3 520 ლარისა სამსახურის უფროსთა სახელფასო ანაზღაურება ლანჩხუთის მერიაში 3 680 ლარით განისაზღვრა.
ავტორი





































































