ყველას კარგად ახსოვს, მარტის დასაწყისიდან ფასების (უმეტესად, პროდუქტის) საკითხთან დაკავშირებით ხმაური. კერძოდ, მარტივად რომ ვთქვათ, საკვები პროდუქტის, მედიკამენტების და საწვავის ფასის ირგვლივ საუბრობდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე. ის ხალხს, ასე ვთქვათ, შეპირდა, რომ შეიქმნებოდა ფასების კომისია და არსებულ მაღალ ფასებს განიხილავდნენ. მან მაშინ, ასევე, თქვა, რომ საქართველოში პროდუქტის ფასები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე უცხოეთში.
_ იცით, ვინმემ, რა ქნა ფასების კომისიამ? იყო სხდომები, ხმაური, დავა, იშვიათად ნამდვილ მიზეზებზე საუბარი. და რა გამოვიდა? მსხვილ ბიზნესს, ანუ ქსელურებს გაუკეთეს ერთი დიდი რეკლამა. ყველაფერი კი დარჩა ძველებურად და მგონი, აქეთ დაგვაბრალეს უბრალო ხალხს ყველაფერი. გითხარით ჩვენ, როცა აღნიშნულ თემას აშუქებდით, რომ ეს იყო ერთი ღიად აწეული, ასე ვთქვათ, ცრუ ხმაური. სხვა რა დავარქვათ? მთავარი ამბავი იყო ის, რომ ნაწილი ქსელურების გაერთიანებამ გაანაწყენა დანარჩენები და მთავრობამ იკისრა შუამავლის როლი. შემრიგებლური პოზიცია და თუ დააკვირდებით, ასეც დასრულდა, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” სხვადასხვა ტრადიციული, იგივე საუბნო მაღაზიების მეპატრონეები და მომხმარებლები.
დღეის მდგომარეობით, მაისის პირველ ნახევარში, ოზურგეთში ყველაზე აუცილებელი პროდუქტების ღირებულება ასეთია: ათი ცალი კვერცხი კონტეინერით, შესაძლებელია, ოთხ ლარად იყიდო; ერთი ლიტრი ზეთი 4,80 ლარიდან რვა ლარამდე ღირს, ხარისხის მიხედვით. ერთი კილოგრამი შაქრის ფასი ორი ლარიდან იწყება. იყო დღეები, აქციით, ერთი კილოგრამი 1,80 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ხორცის ფასს, როცა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ ნახევარ კილოგრამ რბილ ხორცს ათ ლარად აყიდვინებდა მომხმარებელს, ოზურგეთელი ავთანდილ ბერიშვილი ამბობს, რომ პრემიერმა გაყინული ხორცი შემოგვთავაზა და მაგ კუთხით მართალია.
_ მარკეტებში შემოაქვთ გაყინული უძვლო ხორცი, ერთი კილოგრამი 18-20 ლარად. ჩემი აზრით, სწორედ ამ ხორცზე გააკეთა აქცენტი პრემიერმა. მეორე საკითხია, რატომ აღშფოთდა ხალხი. გაყინული ხორცი არავის უნდა დღეს, თუ საშუალოდ მაინც უწყობს ხელს ეკონომიკა და მით უფრო, თუ ბავშვიანია ოჯახი. მე, პირადად, ვცდილობ, არ ვიყიდო გაყინული ხორცი. უმეტესად, ხალხი ცდილობს, იყიდოს ახალი ხორცი. რა ღირს ხომ იცით? ოზურგეთში ერთი კილოგრამი რბილი ხორცი ღირს 32 ლარი. დიდ ქალაქებში გაცილებით ძვირია. ამიტომ გაბრაზდა კი არა, განრისხდა ხალხი _ დამცირებად მიიჩნია, ვიდრე თანადგომად, რომ მიასწავლა იაფი ხორცი სად და როგორ იყიდონ. დარწმუნებული ვარ, თავის შვილებს არასდროს აჭმევს გაყინულ ხორცს. დღეს უკვე ყველა გაყინული პროდუქტის ჭამა ეშინია ხალხს. თუმცა, რა ქნან, არაა ამის ეკონომიკური საშუალება, პენსიონერისთვის განსაკუთრებით, _ ამბობს ავთო ბერიშვილი.
ის მიიჩნევს, რომ ეს ხმაური უფრო ქსელური მარკეტების, მსხვილი ბიზნესის შიგნით წარმოშობილი დაპირისპირების გამო დაიწყო: “სულ რაღაც სამ წელიწადში განვითარდა და აყვავდა ქსელური ბიზნესი საქართველოში _ არსად ეს ასე უსწრაფესად არ ხდება. შეუძლებელია ასე მოკლე დროში ასე გამდიდრდნენ კერძო პირები, ბიზნესმენები. ყველა ქვეყანას ეს, დიახაც, დიდი შრომის ფასად უხდება, თან ათეული წლები სჭირდება. თორემ წესიერი და მუყაითი, დაუზარელი შრომით თუ რაიმე სიმდიდრეს დააგროვებს ადამიანი, ღმერთმა შეარგოს“, _ ასეთია მისი აზრი.
_თავშივე გეუბნებოდით თქვენც, რომ სხვა აზრი არ ჰქონდა ამ თემაზე სტატიების წერას. აბა, გაიხსენეთ _ გითხარით მაშინვე, რა მიზნით დაიწყო ეს ხმაური. “აფიორაა” , რა თქმა უნდა, ქსელური მარკეტების თანადგომისთვის იყო ეს ყველაფერი, თუმცა, ხმამაღლა არავინ ამბობდა. აი, თუ ნახეთ, რომ იქ ვინმე ტრადიციული მაღაზიებიდან მიიწვიეს? მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ბობოქრობდნენ ძირითადად. ხომ თქვა პრემიერმა, რომ პროდუქტის, მედიკამენტების და საწვავის ფასის დარეგულირებაზე იზრუნებდა. ჩვენ ვუთხარით, დაიწყეთო? ჩვენ ისეც ვიცით, რა მდგომარეობაა _ ქსელური დიდი მარკეტები ავიწროებენ ტრადიციულ საუბნო მაღაზიებს და მისი სრული გაქრობისთვის იბრძვიან. ორჯერ ან სამჯერ გამოგონილ ფასდაკლებას რომ შესთავაზებენ მომხმარებელს, ეს ხალხი არ უკვირდება, სინამდვილეში რა ხდება. ერთ რაღაცას იყიდის 40 თეთრით ნაკლებად და რაკი დიდი მარკეტია და ბევრია პროდუქტი, დანარჩენს კი ყიდულობს გაცილებით მაღალ ფასად, ვიდრე ეს ნებისმიერ ტრადიციულ მაღაზიაშია. იცით? ამ ფასების დაკლების ხმაურში გაძვირდა, მაგალითად, “სოფლის ნობათის” მაწონი. დაიკლო წონაც _ იყო 370 გრამი, ახლა არის 350 გრამი; ფასი იგივეა _ 3,40 ლარი…
მოკლედ, ეს იყო ერთი დიდი უსარგებლო ხმაური მომხმარებლისა თუ ტრადიციული მაღაზიებისთვის. არანაირი შედეგი არ ექნება არც კომისიას და არც ამ სტატიებს. ა, ბატონო, სოფლის ნობათის პროდუქცია ფიზიკურად გაძვირდა. ფასი, ფაქტობრივად იგივე დატოვეს, წონაში ყველაფერმა მოიკლო. შეფუთვა იგივეა, ანუ ვიზუალი, რაც თვალს ატყუებს და ვერ ხვდებით, ამით კი ლავირებას აკეთებენ, _ ამბობენ ჩვენთან უბნის მაღაზიების სახელით ცნობილი მარკეტების მფლობელები.
ისინი ფასების კომისიის დასკვნას სპექტაკლს უწოდებენ:
_ ეგ იყო სპექტაკლი და რისთვისაც ეგ მოეწყო, ეგ დარეგულირდება _ ერთმანეთს შეარიგებენ ქსელურებს. აკი დასკვნაც გაჟღერდა, ფასებში და ბიზნესში ჩარევა არ შეიძლებაო ? ჩვენ ვუთხარით, ჩაერიეთო? ჩვენ ისედაც ვიცოდით, როგორია ფასები და რა დღეში ჰყავს ქსელურებს ტრადიციული მაღაზიები. ეს იყო და არის დადგმული სპექტაკლი! ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს ყველაფერი, ეგრეთ წოდებული, ტრადიციული მარკეტების მხრიდან იყო გამოსაკვლევი, იმ განყენებული ბიზნესიდან. რომელიც ყველამ გარიყა. ეს უკანასკნელი ქმნის ჯერ კიდევ ფასების კონტურს ბაზარზე, რამეთუ ჯერ კიდევ ქსელურებზე მეტია ტრადიციულები. და როცა საერთოდ აღარ იარსებებენ ესენი, მერე ნახეთ, ქსელურები რას იზამენ… მოვესწრებით მაგას, _ ასე, ვინაობის დასახელების გარეშე, თავიანთ ვარაუდებს გვთავაზობენ ტრადიციული მაღაზიების მფლობელები.
_ დიახ, აქ მოსამართლის და მომრიგებლის როლში გამოვიდა სახელმწიფო ქსელურებს შორის, ეგ იყო ამათი მთავარი მიზანი, _ გვეუბნებიან რიგითი მომხმარებლებიც და ამბობენ, რომ ფასების მარეგულირებელი კომისიის სხდომის პროცესში პროდუქტის თუ წამლის ფასი იმატებდა: “თუმცა, ეს არავის გაუგია, რადგან ჩუმად, შემპარავად ცალკეულ მედიკამენტზე იზრდებოდა ფასი. ესეც მზაკვრული ფანდია. უცებ რომ მოუმატონ, ხმაური დაიწყება და თუ შეაპარებ, შეუმჩნეველი დარჩება“, _ გვეუბნება ოზურგეთელი თინათინ სურგულაძე.
ოზურგეთში, ყველა გამოკითხული მომხმარებელი თუ ტრადიციული მაღაზიების მფლობელები, რომლებიც უმეტესად ვინაობის დასახელებისგან თავს მხოლოდ იმიტომ იკავებენ, რომ უაზრობად მიიჩნევენ ამ ხმაურს ფასების შესახებ, ამბობენ:
“კი არ გვეშინია, გითხრათ, გვარი და სახელი. გაიარეთ _ ყველა ერთნაირად საუბრობს. იმიტომ, რომ ეს არის ხალხის უპირველესი პრობლემა. ფასების კომისიას რომ ეფექტი ჰქონოდა, პირველ ეტაპზე იყო საჭირო, გამოეკვლიათ, თუ რის საფუძველზე გასცა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ორი ქსელის გაერთიანებაზე ნებართვა და დანარჩენი კი თავისთავად, უნდა შეესწავლათ მომწოდებელსა და სავაჭრო ობიექტებს შორის დადებული პირდაპირი ხელშეკრულებები. კითხვას ასე დავსვამთ _ ვინ აღიარებს, რომ მე ვარ კარტელური გარიგების მონაწილეო ან ვინ აღიარებს და აღიარა ოდესმე, კაცი მე მოვკალიო? დაკითხვები მოაწყვეს, სისულელეები გააპიარეს, რომ ვითომ რაღაც საქმე კეთდება. ჯერჯერობით, ასეა და ჩვენც ის გვინდა, რომ მართლა მოხდეს ფასების სასიკეთო ცვლილება, ადამიანს რომ არ ეშინოდეს მომდევნო დღის თუ თვის მანძილზე თავი ნორმალურად გაიტანოს, თორემ შიმშილით ახლა არავინ კვდება. ეგაა, მართლა სუპს და ბორშჩს ხომ არ შეჭამ სულ _ კვირაში ორჯერ ადამიანმა ხორციანი საკვები ვერ უნდა გააკეთოს?” _ ასეთია ოზურგეთელი მომხმარებლების, ჩვენი მკითხველების აზრი, რომლებიც მრავალგზის გვიმეორებენ, რომ უახლოეს მომავალში ფასები თუ მოიმატებს, თორემ არავინ არაფერს გააიაფებსო. ირონიასაც არ იშურებენ, პრემიერის დასახელებულ ფასდაკლებაში საწვავის საკითხიც იყო და გვთხოვენ, ვიკითხოთ, რა ღირს დღეს ბენზინი თუ დიზელი.
ავტორი


































































