“საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა–რეაბილიტაცია გახორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში მიმდინარე წელს 17 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება. 14 საბავშვო ბაღზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო დარჩენილ 3 პროექტზე პრეტენდენტი მოწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად. საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს“, _ ეს ინფორმაცია 2023 წლის 5 ივნისს “გურია ნიუსის” ვებგვერდზე გავრცელდა.
ჩვენ შევეცადეთ ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში გაგვერკვია დეტალები. ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან მივიღეთ პასუხი, რომ ორშაბათს (11 მაისს) მოგვაწოდებდნენ ინფორმაციას, თუმცა, 12 მაისსაც, როცა წერილი დაიწერა, არ მოუწოდებიათ, ოზურგეთიდან კი მხოლოდ კითხვების მიღება დაგვიდასტურეს.
ვიდრე ჩვენს კითხვებზე პასუხებს მივიღებდით, “გურია ნიუსი” არასამთავრობო ორგანიზაცია “კივიტას გეორგიკას” დამფუძნებელს გიორგი მესხიძეს საბავშვო ბაღების შენობების დაპირებული მშენებლობა-რეაბილიტაციის შესახებ ესაუბრა.
_ ბატონო გიორგი, 2023 წელს გურიაში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების ჩავარდნა აჩვენებს, როგორც სახელმწიფო ზედამხედველობის, ისე კონტრაქტორი კომპანიების პასუხისმგებლობის სერიოზულ პრობლემას. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ბავშვებისთვის უსაფრთხო და აუცილებელ ინფრასტრუქტურას. როდესაც მშენებლობები წლების განმავლობაში ჩერდება, ზარალდებიან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე მუნიციპალიტეტები, რომლებიც იძულებულნი ხდებიან, დროებით და ხშირად არასათანადო პირობებში განახორციელონ სააღმზრდელო პროცესი.
_ ასეთ ვითარებაში მთავარი პრობლემა მხოლოდ კონკრეტული კომპანიის შესაძლო დანაშაული არ არის _ კრიტიკულია ისიც, რომ სახელმწიფოს არ აქვს სწრაფი რეაგირების და პროექტების ჩანაცვლებითი დასრულების ეფექტიანი მექანიზმი. თუ გამოძიება მიმდინარეობს, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ მშენებლობები გაურკვეველი ვადით გაიყინება _ ხშირად გამოძიება და სასამართლო პროცესი წლების განმავლობაში გრძელდება, პარალელურად კი ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულია.
კარგი პრაქტიკის მაგალითებად შეიძლება მოვიაზროთ ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი მოდელი, სადაც მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები დაზღვეულია ე.წ. შესრულების გარანტიებით (performance guarantee). ასეთ შემთხვევაში, თუ კომპანია ვალდებულებას ვერ ასრულებს, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი ავტომატურად იყენებს საბანკო გარანტიას, ახდენს ახალი ტენდერის გამოცხადებას და პროექტი არ ჩერდება წლების განმავლობაში. ასევე, ხშირია ე.წ. “შავი სიის” მექანიზმი, როდესაც დარღვევის მქონე კომპანიებს გარკვეული ვადით ეკრძალებათ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა. ეს უკანასკნელი, საქართველოშიც მოქმედებს, თუმცა, უფრო ფორმალური სახე აქვს.
ეს, ზოგადად, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როცა ბაღებზე ვსაუბრობთ, მთავარია ის მომენტი, რომ ეს შენობები განსაზღვრულია ბავშვებისთვის _ ბავშვები ვერ მოიცდიან. ისინი იზრდებიან და გადადებული ან დაგვიანებული პროექტი უბრალოდ გულისხმობს, რომ ისინი სკოლაში წავლენ ბაღის გარეშე. თუ, მაგალითად, გზის მშენებლობა შეიძლება ამ წელს თუ არა, გაისად დასრულდეს და ასე ვთქვათ, დისკომფორტის გარდა სხვა პრობლემა არ არის, ბავშვების შემთხვევაში ეს დაკარგული შანსია.
აქ, შესაძლო გამოსავალს წარმოადგენს, მათ შორის, ე.წ. “ალტერნატიული ბაღის მოდელი“. ეს შესაძლოა იყოს დროებითი კონსტრუქცია (მაგ. ხის კოტეჯი) რომლის აშენებას ერთი–ორი თვე სჭირდება და გამოვიყენოთ მანამ, სანამ ბაღის “სტანდარტული” შენობა აშენდება. ან შეგვიძლია ჯგუფი დროებით განვათავსოთ სხვა, მაგ. სკოლის ერთ–ერთ ოთახში.
მოკლედ, გადაწყვეტილება უნდა იყოს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. მათი ინტერესი კი განათლება და განვითარებაა და არა რკინა–ბეტონის ვარდისფერი შენობა.
_ საბავშვო ბაღების მშენებლობის სტანდარტები საქართველოში ეფუძნება როგორც სამშენებლო უსაფრთხოების ნორმებს, ისე განათლებისა და ბავშვთა უსაფრთხოების მოთხოვნებს. ბაღი უნდა აკმაყოფილებდეს სეისმურ, სანიტარულ, სახანძრო და ინკლუზიური გარემოს სტანდარტებს. მნიშვნელოვანია სივრცის უსაფრთხოება, ევაკუაციის სისტემები, გათბობა–ვენტილაცია, სათამაშო და საძინებელი ზონების შესაბამისობა.
_ სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობა, ძირითადად, განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით. კომპანიას ეკისრება ვალდებულება, სამუშაოები შეასრულოს დადგენილ ვადებში, ხარისხისა და ტექნიკური პირობების დაცვით. რამდენიმე ტენდერი, რომელიც მე მაქვს ნანახი, ითვალისწინებს ბაღისთვის საჭირო პირობებს _ ოთახების რაოდენობას, სანიტარულ ნორმებს და სხვ. თუმცა, ბევრი ისეთი პროექტი და ბაღიც მაქვს ნანახი, სადაც უბრალოდ კედლებია და სახურავი _ ანუ შენობა ბავშვებისთვის განკუთვნილი არ არის. ყველაზე კარგი, ასეთ შემთხვევაში, გახლავთ ბავშვის განვითარების სპეციალისტების ჩართულობა სანამ ტენდერი გამოცხადდება, ხელშეკრულება დაიდება, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან ბავშვების საჭიროებები. მათ იციან, რა სჭირდებათ, ინჟინრებმა ეს უბრალოდ უნდა შეასრულონ, ტექნიკური გადაწყვეტა მოახდინონ და არა პირობები დააყენონ.
სამწუხაროდ, არამც თუ სპეციალისტების, არამედ, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობაც არ არის ხშირად უზრუნველყოფილი.
ბოლოს გთავაზობთ ალტერნატიული მიდგომებს, რომლებიც ექსპერტების ნაწილის აზრით, საქართველოში შეიძლება ეფექტიანი იყოს:
მშენებლობის დაზღვევის სისტემის დანერგვა; დამოუკიდებელი ტექნიკური აუდიტის სავალდებულო მექანიზმი; ელექტრონული მონიტორინგის პლატფორმა, სადაც საზოგადოება რეალურ დროში იხილავს პროექტის მიმდინარეობას; ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა კრიზისული პროექტების გადასარჩენად; საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ზედამხედველობის მოდელის გამოყენება დიდ მუნიციპალურ პროექტებში.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სწორედ გამჭვირვალობა და ეტაპობრივი კონტროლი ითვლება მთავარ ინსტრუმენტად, რათა სახელმწიფო პროექტები კორუფციისა და შეუსრულებელი ვალდებულებების მსხვერპლი არ გახდეს, _ ამბობს მესხიძე.
“გურია ნიუსი” ამ საკითხებზე მუშაობას განაგრძობს და ახალ დეტალებს აუცილებლად გააცნობს მკითხველს.
ავტორი

































































