“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, თბილისში ჰაერის ტენიანობის მაჩვენებელი მაღალ ნიშნულს აღწევს – 14 ივლისს, დღის საათებში ის 70%-მდე ავიდა. კლიმატოლოგების შეფასებით, ზაფხულში, მაღალი ტენიანობისას, ადამიანებს სიცხე კიდევ უფრო რთულად გადააქვთ.
თბილისში ნალექის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რასაც შესაბამისად, თან ახლავს ტენიანობის მატებაც.
აი, ასეთია თბილისში ბოლო წლებში ნალექის წლიური რაოდენობა და მისი ზრდის მაჩვენებელი:
2024 წელი – 668 მმ;
2023 – 582 მმ;
2022 – 413 მმ;
2021 – 455 მმ;
„აღმოჩნდა, რომ ელ-ნინიოს გააქტიურების პერიოდში ჩვენთანაც იმატებს ზაფხულის ნალექის რაოდენობა და ბუნებრივია, უხვი ნალექი იწვევს ტენიანობის ზრდასაც.
თბილისში ნამდვილად უჩვეულო გაზაფხული გვქონდა და ზაფხულიც უჩვეულოდ მიდის ნალექის უხვი რაოდენობის თვალსაზრისით. ტენიანობის შეგრძნებაც ამიტომაა უჩვეულო. ჩვენ გვახსოვს, რომ გასულ წლებში, ათწლეულებში თბილისში თითქმის არასდროს იყო ტენიანობის ასეთი შეგრძნება. ამიტომ ადარებს ახლა ხალხი თბილისის ტენიანობას შავი ზღვის სანაპიროს ტენიანობას, რაც არაბუნებრივი მოვლენაა თბილისისთვის“, – ამბობს “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, მარიამ ელიზბარაშვილი.
კიდევ ერთი მიზეზი, რამაც შეიძლება დიდ ქალაქებში უხვი ნალექი და შესაბამისად, მაღალი ტენიანობა გამოიწვიოს, სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ, შეიძლება იყოს გაცხოველებული განაშენიანება.
ავტომობილების, მშენებლობებისა და სხვა ურბანული წარმოშობის მტვერი ჰაერში და წვრილი აეროზოლები იქცევა კონდენსაციის ბირთვებად, რომელთა ზედაპირზეც წყლის ორთქლი ღრუბლის წვეთებად გარდაიქმნება.
ამავე დროს, ასფალტი, ბეტონი და შენობები ქმნის „ურბანული სითბოს კუნძულის“ ეფექტს, აძლიერებს ჰაერის აღმავალ მოძრაობასა და ტენიანი ჰაერის შეკრებას, მაღალი შენობები კი ცვლის ქარის ნაკადებს. ამ პროცესების ერთობლიობამ შესაძლოა შეცვალოს ღრუბლების წარმოქმნის ადგილი, ნალექის ინტენსივობა და მისი გადანაწილება – მათ შორის, გაზარდოს წვიმა ქალაქის თავზეც:
„ურბანიზაციის ზრდა განაპირობებს ნალექების ცვლილებას. ნალექებისა და ტემპერატურის რეჟიმზე მოქმედებს განაშენიანება. ბუნებრივია, თბილისში უხვი ნალექისა და ტენიანობის ზრდას ინტენსიური განაშენიანებაც განაპირობებდეს“, – ამბობს მარიამ ელიზბარაშვილი.
მაღალი ტენიანობისა და სიცხის ერთობლიობის დროს სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში მოერიდონ მზეზე ხანგრძლივად ყოფნასა და ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას, თუკი შესაძლებელია, დრო გრილ სივრცეში გაატარონ და მიიღონ საჭირო რაოდენობის წყალი.
ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი ან ორიენტაციის დაკარგვა შესაძლოა ორგანიზმის გადახურებაზე მიუთითებდეს და საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას.

































































