ამ ზაფხულს, ქალაქ ოზურგეთში, გოგებაშვილი-ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, ნაგვის შემკრები კონტეინერი აიღეს. ადგილობრივების თქმით, მათთვის უცნობია, რატომ აიღეს ურნა.
“25 ოჯახი სარგებლობდა არსებული ურნით. გვინდა, რომ იქნებ შესაბამის უწყებას ხმა მიაწვდინოთ და გაგვცენ პასუხი, როდის დააბრუნებენ ურნას. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. არადა, გავიგეთ, რომ მუნიციპალიტეტმა 400-ზე მეტი ურნა იყიდა. იმედია, ჩვენს ქუჩაზე მდებარე ურნა ახალნაყიდი ურნების სიაში არ არის”, _ გვითხრეს გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა.
ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გვიპასუხეს, რომ გოგებაშვილი-ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული ურნა დაზიანებული იყო და მის ნაცვლად ახალი ამ კვირის ბოლომდე დაიდგმება.
“გურია ნიუსი” ასევე დაინტერესდა ახალი ურნებით, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა.
“წელს მიღებულია 450 ცალი ურნა, რომლებიც ყველა სოფელსა და საკურორტო ზონაში, გამგებლების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გადანაწილდა”, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრში.

































































