ზამთარში, არა ერთ ოჯახში, ლიმონი ოთახის პირობებში აქვთ და ხდება ისე, რომ არც თუ იშვიათად, ეს მარადმწვანე, საოცარი ციტრუსოვანი მცენარე ფოთლებს ყრის.
რატომ ცვივა ოთახის პირობებში ლიმონს ფოთლები?
უპირველესი მიზეზი ამისა არის მერყევი ტემპერატურა. ამიტომ, თუ გვინდა, ლიმონი ოთახში გვქონდეს და ჩვენი საცხოვრებელი ბინის ინტერიერი გაალამაზოს, ის უნდა დაიდგას მუდმივი ტემპერატურის მქონე გარემოში. არ არის აუცილებელი 18 გრადუსი ტემპერატურა იყოს და ცვალებადი. ჯობს, 6-7 გრადუსი ტემპერატურაზე ვამყოფოთ, ოღონდ არ მოხდეს ცვლილება და უფრო დაბლა არ დაეცეს.
თუ გვინდა, რომ ლიმონის ბუჩქმა მთელი ზამთრის განმავლობაში იყვავილოს და ნაყოფი მოგვცეს, მაშინ უნდა ვაკონტროლოთ ტემპერატურა, რომელიც მუდმივად 18-22 გრადუსი უნდა იყოს.
ოთახში შეფარდებითი ტენიანობა თუ დაირღვევა, პირველ რიგში, მცენარეს ფოთლები დაცვივდება, შეწყვეტს მსხმოიარობას და ყვავილობას და ხელთ შეგვრჩება “გაპუტული” ვარჯი. სასურველია, ტენიანობის შენარჩუნების მიზნით, ხუთ დღეში ერთხელ, ვარჯს ვასხუროთ ნელთბილი წყალი.