“ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ “მთავარ არხთან” განაცხადა, რომ “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ზურა ჩხაიძის განცხადებით, ისინი მზია ამაღლობელის საპატიმროში დაბრუნების რეკომენდაციას არ გასცემენ.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება იგივე. სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია. ასრულებს ექიმის რეკომენდაციებს, არის ექიმის მეთვალყურეობის/მონიტორინგის ქვეშ, უტარდება განმეორებითი კვლევა, რაც საჭიროა. ჩვენ რა თქმა უნდა, ამის [საპატიმროში დაბრუნების] რეკომენდაციას არ ვაძლევთ, ჩვენ ვესაუბრეთ მას, ავუხსენით მდგომარეობა, საკმაოდ გონიერი ადამიანია და ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს,” – განაცხადა ზურა ჩხაიძემ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი 29 დღეა შიმშილობს, ამ დროისთვის ის კლინიკა “ვივამედშია” გადაყვანილი.