საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე რადიო “პალიტრას“ გადაცემაში მართვის მოწმობის გამოცდის შესახებ საუბრობს. მელაძის თქმით საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდას თვით ლუის ჰამილტონიც ვერ ჩააბარებს.
“ძალიან სტრესულია მართვის მოწმობის გამოცდა საქართველოში. ერთი და ორი ადამიანი არ არის, ვინც სტრესის ქვეშ ექცევა. როდესაც მაღალი დონის ტრენინგები მიმდინარეობს ხოლმე, ყოველთვის ვამბობთ, რომ თუ ოდნავ მაინც გრძნობთ თავს სტრესში, ხართ დაღლილი, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს მართვის დროს, უმჯობესია საჭესთან არ დასხდეთ.
გამოცდა არ უნდა იყოს ისეთი, თითქოს დახვრეტაზე გაჰყავხარ ვინმეს. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ვინც გამოცდას იბარებს, არის მეგობრული. შენ ელოდები, რომ გამოცდაზე როდესაც მიდიხარ ყველა შენიანია, ის გეხმარება, რომ გამოცდა ჩააბარო, მაგრამ, როგორც წესი, მოწინააღმდეგე მხარეა ის პირი, ვინც გამოცდას იბარებს. არამეგობრული გარემო სტრესში აგდებს ადამიანს.
მეორე, ძალიან იშვიათია ადამიანი, ვინც პირველივე გასვლაზე ჩააბარა გამოცდა. იმიტომ რომ, მარტო მართვა არ არის, უნდა იცოდე, როგორ ჩააბარო გამოცდა. რომ ჩამოვიყვანოთ ლუის ჰამილტონი გადაცმული, რომ ვერ იცნონ, საქართველოში პრაქტიკულ გამოცდას ვერ ჩააბარებს, რადგან არ იცის, როგორ ჩააბაროს გამოცდა საქართველოში. ის პირველია მსოფლიოში ავტომობილის მართვაში, მაგრამ არ იცის როგორ ჩააბაროს საქართველოში გამოცდა, რაც თავისთავად არასწორია“, _ ამბობს მევლუდ მელაძე.
ფოტო: ambebi.ge

































































