რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ძალების რაოდენობა ფინეთთან და ნორვეგიასთან, _ იუწყება Wall Street Journal ამერიკული კომპანიის Planet თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით.
ფოტოებზე აღბეჭდილია ორი სამხედრო ნაწილის ფოტოები _ ვიბორგის რაიონში. დასახლება კამენკაში, ლენინგრადის ოლქში ფინეთის საზღვარზე და მურმანსკის ოლქის დასახლება სპუტნიკში ნორვეგიის საზღვართან.
კამენკაში აშენებულია ახალი ყაზარმები სამხედროებისთვის, ხოლო სპუტნიკში _ სამხედრო ტექნიკის განსათავსებელი ახალი ბაზები.
Wall Street Journal იუწყება, რომ რუსეთი აპირებს კიდევ ააშენოს ამ ტერიტორიაზე ყაზარმები და პოლიგონები, მოდერნიზაცია გაუკეთოს სამხედრო არსენალებს და რკინიგზას კარელიაში, სადაც აშენდება სამხედრო შტაბი მრავალათასიანი არმიისთვის.
გარდა ამისა, ახალი რკინიგზა შენდება ფინეთის და ნორვეგიის საზღვართან, ასევე პეტებურგიდან ესტონეთის საზღვრამდე.
ყოველივე ამას სამხედრო ექსპერტები განიხილავენ, როგორც ნატო-სთან პოტენციური კონფლიქტისთვის მზადებას _ მათი აზრით, რუსეთი შეეცდება შეამოწმოს ნატო-ს სიძლიერე და შეიჭრას ალიანსში შემავალ რომელიმე პატარა ქვეყანაში, მაგალითად, ესტონეთში, სადაც საკმაოდ ბევრი რუსი ცხოვრობს.
კარნეგის ფონდის მეცნიერი მაიკლ კოფმანი აცხადებს, რომ, მისი აზრით, რუსეთმა, შეიძლება, “საკმაოდ მალე” მოაწყოს “შეზღუდული ოპერაცია ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ და ეს, ალბათ, მოხდება ”რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებიდან 2-3 წელიწადში”. რაც შეეხება სავარაუდო ფართომასშტაბიან ომს ნატო-სთან, ვადებმა შეიძლება შეადგინოს 7-10 წელი”, _ ფიქრობს კოფმანი.
ექსპერტების მოსაზრებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ხელს შეუწყობს რუსეთს, უფრო მალე მოემზადოს ომისთვის.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 2025 წელს სამხედრო ხარჯები მშპ-ს 3,6 პროცენტიდან 6 პროცენტამდე გაზარდა.
დასავლეთის დაზვერვის ინფორმაციით, თუ 2021 წელს რუსეთი 40 ტანკს _ Т-90М უშვებდა, ახლა თითქმის 300 ცალს უშვებს წელიწადში. ფინელი სამხედრო ექსპერტის თქმით, რუსეთი ახლა ტანკებს უკრაინაში თითქმის არ აგზავნის და ქვეყანაში ტოვებს.
ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული სამხედრო ძალების მთავარსარდალმა გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აპრილში, აშშ-ს სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსების სამხედრო ძალები “ახერხებენ ძალების აღდგენას და იზრდებიან უფრო სწრაფად, ვიდრე ამას სამხედრო ანალიტიკოსების უმრავლესობა ვარაუდობდა: „რუსეთის არმია, რომელმაც თავის თავზე აიღო საომარი მოქმედებების მთელი სიმძიმე, ახლა, ფაქტობრივად, უფრო დიდია, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყების დროს იყო“, _ განაცხადა კავოლიმ.