საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა თანამშრომლებს გურიის რეგიონის ახალი მენეჯერი, ივანე ტაბატაძე წარუდგინეს, _ ინფორმაციას ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანია ფეისბუქში ავრცელებს.
“შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გამართული ფუნქციონირების, მიმდინარე სამუშაოებისა და საოპერაციო მართვის საკითხები. ყურადღება გამახვილდა რეგიონული სამსახურების კოორდინირებულ მუშაობაზე, ავარიულ შემთხვევებზე დროულ რეაგირებასა და მოსახლეობისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე”, – აღნიშნულია წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში, როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია გახდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანე ტაბატაძე მის მოადგილედ დაინიშნებოდა.
ივანე ტაბატაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროს გამგებლის მოადგილე იყო, რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესში საქმიანობდა; იყო სალომე ზურაბიშვილის პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 2014 წლის მერის არჩევნებში კი _ ოზურგეთის მერობის კანდიდატი.
































































