ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, იანვარში, ძლიერი ქარის შედეგად რომ საკმაოდ დაზარალდა, ეს ახალი ამბავი არაა. ისიც ცნობილია, რომ ამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალურმა ხელისუფლებამ საკმაოდ მოკლე დროში გამოყო შესაბამისი თანხები, რაც დაზარალებულ მოსახლეობას უკვე მოხმარდა. მთლიანობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების აღმოსაფხვრელად 2 500 000 ლარი გამოეყო. აქედან, ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 100 ოჯახს ერთდროულად თუნუქისა და ხის მასალა გადაეცა. სულ კი, მერიისვე ინფორმაციით, ჯამში, 384 ოჯახს გაეწია დახმარება.
დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება კი გაეწია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში, დახმარების მსურველი ოჯახები, რომელთაც საჭირო ფინანსების არ ქონის გამო, წლებია, ავარიულ ჭერქვეშ უწევთ ცხოვრება, ხელცარიელნი დარჩნენ და ერთი ასეთ მაგალითს ახლა მოგიყვანთ, რომელიც სოციალურ ქსელში, “This is ლანჩხუთის” ჯგუფში გასაჯაროვდა. საქმე კი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭანჭათში მცხოვრებ ლია გოგუაძის ოჯახს ეხება.
“ყოველგვარი ლანძღვის გარეშე ვკითხულობ, ნუთუ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ გამოიძებნა იმის სახსარი, რომ ამდენი ტრაგედიაგადატანილი ქალბატონისთვის სახურავი და ხის მასალა გადაეცათ?
თითონ ქალბატონ ლიასაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მაგრამ, რაც შეუძლია, მაინც აკეთებს სახლში.
ეს სახლი რომ ჩამოენგრეთ თავზე, მერე ხომ ყველა დავწერთ სამძიმრის ტექსტებს (ღმერთმა კარგად ამყოფოს)?!
არ ვიცი, ვინ არის ამ ქალბატონის დეპუტატი, არც მაინტერესებს, მე მაინტერესებს ის, რომ ამ ქალბატონს დროულად გადაეცეს ხის მასალა და სახურავი, თუნდაც ხალხმა გავაკეთოთ ეს.
არ ვიცი, მირჩიეთ, რა გავაკეთო, ამ ოჯახს რომ ნორმალური საცხოვრებელი პირობა შევუქმნათ?” _ დაწერა “This is ლანჩხუთის” გვერდზე სამოქალაქო აქტივისტმა ნინია ბარამიძემ.
როგორც თავად ლია გოგუაძის ნაამბობიდან ირკვევა, მისი საცხოვრებელი სახლის სახურავი წლებია. ავარიულ მდგომარეობაშია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც არაერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. არადა, სახლში, რომლის სახურავის ჩამოვარდნის საშიშროება რეალურია, მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ.
“სამი წელია ამ საკითხზე დავდივართ. სურათები რომ ნახეს, მითხრეს, კი გაქვთ საფუძველი ამ სახურავის პატრონს ღამე შიშით არ გეძინოთ, მაგრამ ვერაფერს ვიზამთო.
მე შრომა არ მაკლია, ქალისა და კაცის საქმესაც ვაკეთებ, მაგრამ საშუალება არ მაქვს სახურავის გაკეთების, თორემ სამი წელი ასეთ სახურავქვეშ არ ვიცხოვრებდი და არ ვაცხოვრებდი ოთხი წლის ბავშვს. რამდენი ხნის წინ ვიყავი მერთან და რამდენი ხანია, ვითხოვ დახმარებას. ახლა კავი ჩამოწია თოვლმა, არ გვიძინია ღამე, ბავშვი არ მოგვიყვეს ქვეშო, თორემ ჩემს თავს არ დავეძებ”, _ ამბობს ლია გოგუაძე.
სოფლის მაჟორიტარი ემზარ თედორაძე კი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს: “არ მაქვს ინფორმაცია ნამდვილად, არც მოუმართავს ჩემთვის, კომუნიკაციის პრობლემა არავისთან არ მაქვს. გასაგებია, პრობლემა არის, მაგრამ უკეთესი იყო, ერთი-ორი სიტყვა ეთქვა ჩემთვის”.
თავად ლია გოგუაძეც ადასტურებს, რომ საკითხთან დაკავშირებით სოფლის ამჟამინდელ რჩეულთან საუბარი არ ჰქონია: “ერთადერთი, ვისთვისაც არ მიმიმართავს ამ სამი წლის განმავლობაში, სოფლის ახლანდელი დეპუტატი ემზარ თედორაძეა. თუმცა, მითხრეს, ტყუილად მიხვალ მასთან, თუ სტიქია არ იქნება, ვერც ის დაგეხმარებაო. მის წინამორბედთან ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ. მერიაში ჩასვლასაც აღარ ვაპირებდი, რომ არა მდგომარეობა, რომელიც შემექმნა, თუმცა იმასაც ვერ მივაღწიე, კომისია ამოსულიყო და დაეფიქსირებინა მდგომარეობა, აღარ გავაგრძელებ იმაზე საუბარს თუ რა პასუხები მივიღე”.
ჭანჭათში გოგუაძეების ოჯახის პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ემზარ თედორაძე პირადად მივიდა ადგილზე და ოჯახს აღუთქვა, რომ მაქსიმალურად დაეხმარებოდა.
ავტორი