გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გამოცემა „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, რომელზეც სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, 28 წლის ახალგაზრდაა.
გავრცელებული ფოტო-მასალით დგინდება, რომ ახალგაზრდა თავდაპირველად პოლიციის ოთხმა თანამშრომელმა დააკავა და მიწაზე დააწვინა. ფაქტის შემსწრე ლაშა აბისონაშვილი ყვება, რომ დაკავებული სამართალდამცველებისგან ადვოკატის მიყვანას ითხოვდა და პარალელურად განმარტავდა, რომ „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი იყო.
თვითმხილველის თქმით, ახალგაზრდა სამსახურის დასრულების შემდეგ შინ ფეხით ბრუნდებოდა, რა დროსაც ინციდენტი პოლიციის მანქანის გადაადგილების გამო დაიწყო.
„ბანკის თანამშრომელი სამსახურიდან შინ ფეხით მიდიოდა. მანქანა მომიშვირესო და სავარაუდოდ აქედან დაიწყო ყველაფერი“, — ამბობს ლაშა აბისონაშვილი.
მისივე განცხადებით, მალევე ადგილზე პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებიც გამოჩნდნენ, რის შემდეგაც, ვიდეოკადრების მიხედვით, ფიზიკური ძალადობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავებულ პირზე, ასევე თავად შემთხვევის შემსწრე ლაშა აბისონაშვილზეც.

































































