ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში ყოფნის დროს ის ხალხმრავლობა აღარ დაგვხვდა, რაც წლების წინ გვინახავს. ე.წ. მეოთხე რაიონში, ერთ ადგილას, ხეებს შორის განლაგებულ სკამზე ორი ქალბატონი იჯდა და საუბრობდა.
ქალბატონებს ვკითხეთ, რა პრობლემები ან სიახლეები აქვთ დაბაში. ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ მეოთხე რაიონში პრობლემები მეტ-ნაკლებად მოგვარებულია.
“წყალი გვაქვს, შუქიც და ინტერნეტიც არის. ერთი ის გვინდა, რომ შიდა გზები მოწესრიგდეს. ისე, შეგიძლიათ მეხუთე რაიონში გადახვიდეთ, იქ უწყლობაა პრობლემა“, _ გვითხრა ადგილობრივმა.
მეოთხე რაიონიდან მეხუთე რაიონში მიმავალ გზაზე, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ, იყო ამორტიზებული და ადგილ-ადგილ სრულიად განადგურებული გზა. ეს საკითხი ხელისუფლებისგან ყურადღებას ნამდვილად ითხოვს. ამას ემატება უწყლობის პრობლემა და შრომითი მიგრაცია.
როგორც მეოთხე, ასევე მეხუთე რაიონშიც გვირჩიეს, პრობლემების შესახებ მეექვსე რაიონის მოსახლეობასაც დავლაპარაკებოდით.
მეექვსე რაიონიდან კვლავ დაბის ცენტრში მოვხვდით, სადაც საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. რაც შეეხება დაბის ცენტრში მდებარე პარკს, აქ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გრიგოლ გოგელაშვილის მემორიალური დაფაა განთავსებული. პარკის ტერიტორიაზე ასევე შენდება ეკლესია. დაბა ნარუჯაში მოსახლეობა ელოდება, როდის დასრულდება პარკის რეაბილიტაცია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს დაბა ნარუჯაში 1 503 ადამიანი ცხოვრობდა, მაშინ როცა 2014 წელს მოსახლეობის რაოდენობა 2 148 იყო.
“მოცვის პლანტაციებია დაბა ნარუჯაში და იქ ვმუშაობთ. დაახლოებით ორთვიანი სამუშაოა, ძირითადად, მაგრამ სულ არაფერს ჯობს. მეოთხე რაიონში შიდა გზის პრობლემაა და იმედია, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება.
ცოტა ანაზღაურებაც არის. მოცვის მოკრეფა რომ დასრულდება, თხილის იწყება და ასე ვართ. სეზონზე კი, ვისაც შეუძლია, მეზობელ თურქეთში გადადის და იქ მუშაობს. ასეა წლებია და ვერაფერს ვშვრებით. კარგი იქნებოდა, ამ ხალხს ადგილზე ჰქონდეს სამუშაო, მაგრამ ჩვენ რომ გვინდა, ისე არ მიდის საქმე“, _ ამბობს მეოთხე რაიონში მცხოვრები ქალბატონი.
მეოთხე რაიონში ასევე გვითხრეს, რომ დაბის ცენტრში მდებარე პარკის რეაბილიტაციის შესახებ ხელისუფლებისგან პირობა მიიღეს, თუმცა, ზუსტი თარიღი, თუ როდის დასრულდება სამუშაოები, არ იციან.
მეხუთე რაიონში მცხოვრებმა ადამიანებმა “გურია ნიუსთან” საუბრის დროს რამდენიმე ძირითად პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება.
“გზა სულ დანგრეული და დაშლილია _ აქ ნორმალური გზა არ არის. ვინც მოდის, ყველას უჭირს გადაადგილება ამ გზების გამო და არავის უნდა აქ გამოსვლა. გზა ყველგან გაკეთებულია, ჩვენს დასახლებაში კი _ არა. თქვენც ხომ გამოიარეთ და ნახეთ, აქედან რომ წახვალთ, კიდევ უარესი მდგომარეობაა“, _ ამბობს ადგილობრივი.
კიდევ ერთი მცხოვრები ამბობს, რომ პრობლემა ათწლეულებია არსებობს:
“მე 36 წელია აქ ვცხოვრობ და ეს გზა სულ ასეთ მდგომარეობაშია. ბოლო დროს ძალიან მძიმე სიტუაციაა, რადგან წელსაც დამპალია თხილი და ვერანაირად ვერ ვსარგებლობთ. მცირე მიწაზე სიმინდსა და ბოსტანს თუ გავაშენებთ, მაგით ადამიანი მთელი წელი თავს ვერ ირჩენს. ყველაფერი უბედურება შემოესია ბუნებას და ამ საქმეს დროულად უნდა პატრონობა“.
როგორც მეექვსე რაიონში გვითხრეს, ახალგაზრდები და 50 წლამდე მამაკაცები სამუშაოდ თურქეთში, ბათუმსა და თბილისში დადიან. თურქეთში, ძირითადად, ჩაის საკრეფად მიდიან, თბილისსა და ბათუმში კი უფრო მეტად სამშენებლო სამუშაოებზე არიან დასაქმებული.
“გეტყვით, რომ დაბა ნარუჯის ცენტრში სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და უცხოეთიდან ჩამოყვანილი მუშახელია დასაქმებული. ჩვენი ხალხი რომ მუშაობდეს, ამაში რა არის დანაშაული?!” _ იკითხა ჩვენთან საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მეხუთე რაიონში კიდევ ერთ პრობლემად საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაც დაასახელეს.
“თქვენც კარგად დაინახეთ, წვიმის დროს რა მდგომარეობაა დაბა ნარუჯის მეხუთე რაიონში. შიდა გზების პრობლემა ნამდვილად დროულად არის მოსაგვარებელი. მეტსაც გეტყვით _ ჩვენს უბანში სამგზავრო მიკროავტობუსი არ დადის. თუ რამდენიმე ადამიანს გვჭირდება ქალაქის მიმართულებით გადაადგილება, მძღოლს ტელეფონზე ვუკავშირდებით და მაშინ მოდის“, _ გვითხრა ადგილობრივმა.
მეექვსე რაიონში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული მამაკაცი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ დაბა ნარუჯაში სეზონური სამუშაო ძირითადად მოცვის პლანტაციებშია:
“მე ახლა თურქეთში გადასვლის თავი აღარ მაქვს და მოცვის ერთ–ერთი პლანტაციის დაცვაში ვმუშაობ. თურქეთში ჩვენი დაბიდან ძალიან ბევრი ადამიანი გადადის და მუშაობს. თურქეთის გარდა, პოლონეთსა და გერმანიაშიც დადიან სამუშაოდ და ასე გადის ეს ცხოვრება. ბევრს ცოლ–შვილი ჰყავს და მათ რჩენა ხომ უნდათ?” _ ამბობს ის.
ეს არის იმ პრობლემებისა და საკითხების ნაწილი, რომელთა შესახებაც ადგილობრივებისგან მოვისმინეთ.
ყველაზე თვალსაჩინო პრობლემებს შორის შიდა გზების მდგომარეობაა. დაბა ნარუჯაში სტუმრობის დროს მეხუთე რაიონში ისე გაწვიმდა, რომ წითელი მიწით დაფარულ გზაზე წყლით სავსე არაერთი ორმო გაჩნდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის, წყლის, ტრანსპორტისა და დასაქმების პრობლემების მოგვარებას წლებია ელოდებიან.
ავტორი

































































