ლანჩხუთში, ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში, დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალი გზის მოსაწყობად “რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან” წელს მილიონ 500 ათასი ლარი გაიხარჯება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი თანადაფინანსებისთვის 78 950 ლარი მიიმართება.
გარდა ამისა, ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, რომელსაც საკრებულომ კენჭი 25 აგვისტოს სხდომაზე უყარა, ირკვევა, რომ მერიის სოციალურ სამსახურს დამატებით 132 ათასი ლარი გამოეყო, რომელიც პერსონალური ასისტენტის სერვისის დამატებით დასაფინანსებლადაა საჭირო.
“სოციალური სამსახურის მიერ პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის წლის განვლილი პერიოდის ანალიზით გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პროგრამის სრულად დასაფინანსებლად დამატებით საჭიროა (მიზნობრივი ტრანსფერი) 132 ათასი ლარი, მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე მიიმართება 6 600 ლარი“, _ განმარტავს მერიის საფინანსო სამსახური.
ირკვევა, რომ პროგრამის ფარგლებში 171 ათასი ლარი უკვე ათვისებულია.
გარდა ზემოთ ხსენებულისა, 15 ათასი ლარით იზრდება მერიის სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსების მუხლი.
რაც შეეხება ა(ა)იპ “ლანჩხუთის მუნიციპალურ ინსპექციას”, რომელიც მერიის 13 აგვისტოს ბრძანებით დაფუძნდა და რასაც წინ მერიის ზედამხედველობის სამსახურის გაუქმება უძღოდა, მის დაფინანსებას მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან 90 ათასი ლარი მოხმარდება.
“შტატით მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე _ 25 650 ლარი, საქონლისა და მომსახურების მუხლით გასაწევ ხარჯებზე _ 62 350 ლარი, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით _ 2000 ლარი.
ლანჩხუთის მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის სოციალური უზრუნველყოფის მუხლის დაფინანსება განხორციელდეს მერიის შრომის ანაზღაურების მუხლის დაფინანსების 105 ათასი ლარით შემცირების ხარჯზე“, _ განმარტებულია მერიის განმარტებით ბარათში.
ბიუჯეტში გახორციელებული ამავე ცვლილებების მიხედვით, 7900 ლარით იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლი ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლაში.
ავტორი






































































