პარიზის სასამართლომ ევროპის ბიბლიოთეკებიდან რუსი მწერლების ნაწარმოებების რამდენიმე იშვიათი გამოცემის მოპარვისთვის საქართველოს ექვსი მოქალაქე გაასამართლა _ AFP-სა და Le Monde-ის ცნობით, მათ 18 თვიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბრალდებულებს შორის ხუთი მამაკაცი და ერთი ქალია _ ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
2022-დან 2023 წლამდე მათ კლასიკური რუსული ლიტერატურის ათობით ანტიკვარული გამოცემა მოიპარეს. ბიბლიოთეკები გაქურდეს არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ჩეხეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, გერმანიაში, პოლონეთსა და შვეიცარიაში. ქურდები დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი კლასიკური ავტორების იშვიათი გამოცემებით (ხშირად ხელნაწერებით), როგორებიც არიან ალექსანდრე პუშკინი, ნიკოლაი გოგოლი, მიხაილ ლერმონტოვი და სხვები.
მაგალითად, 2023 წელს საფრანგეთში მათ რამდენიმე იშვიათი წიგნი მოიპარეს ლიონის დიდროს ბიბლიოთეკიდან, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან და პარიზის ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან (Bulac). მათ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს სთხოვეს, მიეცათ წიგნების შესწავლის უფლება კვლევის ჩატარების მიზნით, აიღეს წიგნების ზომები და შემდეგ ასლებით ჩაანაცვლეს.
გამომძიებლების თქმით, საქმეში მთავარმა ეჭვმიტანილმა, მიხეილ ზამთარაძე, 2023 წლის მარტიდან ოქტომბრამდე პერიოდში, საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას სულ მცირე 40-ჯერ დაუკავშირდა ხელნაწერებზე (ძირითადად პუშკინის) წვდომის მოთხოვნით. ის ამბობდა, რომ მე-19 საუკუნის რუსულ ლიტერატურას იკვლევდა.
ნოემბერში ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ ცხრა წიგნი _ პუშკინის რვა და ლერმონტოვის ერთი _ ასლებით ჩანაცვლდა. მათი შეფასებით, ამან 650 000 ევროს ზარალი გამოიწვია.
ზამთარაძეს ყველაზე მკაცრი სასჯელი – შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე მას მსგავსი დანაშაულისთვის ლიეტუვაში ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა (სამ წელზე ოდნავ მეტი).
კიდევ ერთი ბრალდებული, ბექა ცირეკიძე, ასევე ადრე იყო გასამართლებული: ის ლატვიასა და ესტონეთში გაასამართლეს. პარიზის სასამართლომ ცირეკიძეს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ორი ბრალდებული დაუსწრებლად გაასამართლეს: ისინი დააკავეს საქართველოში, რომელიც არ ახორციელებს თავისი მოქალაქეების ექსტრადირებას საზღვარგარეთ გასამართლებლად. სამშობლოში სასამართლომ მათ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; საფრანგეთში კი ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯათ.





































































