ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში რეჟისორმა ლაშა ონიანმა ახალი სპექტაკლი — „გურული“ დადგა. წარმოდგენა გურიის ისტორიულ ფაქტებსა და საარქივო მასალებს აცოცხლებს.
პროექტი რეჟისორის იმ ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ისტორიის სცენაზე გადმოტანას ისახავს მიზნად. ორ წელზე მეტი ხნის წინ ლაშა ონიანმა ანალოგიური დადგმა მესტიაში, სვანეთის ისტორიაზე განახორციელა, რის შემდეგაც თეატრის მმართველთან, ვასილ ჩიგოგიძესთან შეხვედრისას გურიის თემატიკაზე მუშაობაც დაიგეგმა.
“რეგიონებთან მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს — ორი წლის წინ მესტიაში სვანეთის ისტორიაზე დავდგი სპექტაკლი. მოგვიანებით, ვასილ ჩიგოგიძესთან შეხვედრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, გურიის ისტორიაზეც დაგვედგა წარმოდგენა. მასალებზე ეთნოლოგმა და ფილოლოგმა სოფო ფალიანმა იმუშავა, რომელიც საარქივო დოკუმენტებს სწავლობს. გურიის წარსულზე ზღვა მასალა არსებობს, სოფომ სწორედ ეს ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული რამდენიმე ამბავი მოგვაწოდა. სპექტაკლში ეპიზოდურად ჩანს საუკუნეების სვლა, დროთა ცვლა და ჩვენც რეალურად ვმოგზაურობთ გურიის ისტორიაში… სინამდვილეში, ისტორია არასდროს წყდება“, — აღნიშნა ლაშა ონიანმა.
რეჟისორის განმარტებით, წარმოდგენა დაახლოებით ერთ საათს გრძელდება და მაყურებელს უბიძგებს, უფრო აქტიურად დაინტერესდეს როგორც გურიის, ისე ზოგადად ქვეყნის ისტორიით.
„ეს სპექტაკლი უნდა ნახოს მთელმა საქართველომ. იმიტომ კი არა, რომ ვინმე ისტორია არ იცის… მთავარია მსგავსი სპექტაკლებით კიდევ ერთხელ დავანახოთ ჩვენი ქვეყნის და რეგიონების ისტორია“, – აღნიშნა ლაშა ონიანმა ჩვეთან საუბრის დროს.
დადგმაზე მუშაობდა შემოქმედებითი ჯგუფი:
რეჟისორი: ლაშა ონიანი
ინსცენირების ავტორები: სოფო ფალიანი და ლაშა ონიანი
სცენოგრაფი: ლომგულ მურუსიძე
კოსტიუმების მხატვარი: ქეთი ციციშვილი
მუსიკალური გაფორმება: ლაშა ონიანი, მერაბ ჭანიშვილი
ქორეოგრაფი: მარიკა ქვეითაია
ტექნიკური რეჟისორი: მაკა მამულაშვილი
სპექტაკლში მონაწილეობენ ოზურგეთის თეატრის დასი და თეატრთან არსებული სტუდიის მოსწავლეები.






































































