როგორც უკვე ვწერდით, გუშინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალი მოულოდნელად ადიდდა, რა დროსაც მდინარეში სამარშრუტო მიკროავტობუსი გამოდიოდა, მაგრამ მოძრაობა ვეღარ შეძლო. მიკროავტობუსი, რომელშიც სამი ბავშვი და ოთხი ზრდასრული ადამიანი იმყოფებოდა, ნელ-ნელა მიჰქონდა წყალს.
112-ში ერთ-ერთმა დამსვენებელმა, ნატო ზარანდიამ დარეკა. როგორც ზარანდიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ადგილზე ძალიან სწრაფად მივიდა სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
დღეს კი, ბახმაროდან დაგვიკავშირდა დამსვენებელთა ჯგუფი (თვითმხილველები), რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ სამაშველო ბრიგადასთან ერთად წყალში მყოფი მიკროავტობუსის გამოსაყვანას სამი ბიჭი ცდილობდა.
“პატარა, წითელი ტრაქტორით მოვიდნენ ეს ბიჭები. ამასობაში სამაშველოც მოვიდა. ბიჭები იმათთან ერთად იბრძოდნენ ბავშვებისა და მარშუტკაში მყოფი ადამიანების გამოსაყვანად. არც მას შემდეგ მიუტოვებიათ მაშველები, როცა ადამიანები ნაპირზე გადმოიყვანეს და სანამ სამარშრუტო მიკროავტობუსიც არ გამოიყვანეს, მანამ არ გაჩერებულან.
გიორგი, კახა და სუხო _ ნამდვილად უნდა იცნობდეს ამ ბიჭებს საზოგადოება. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ისინი ბახმაროს გუშინდელი დღის გმირები არიან. ესენი არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები გიორგი დოლიძე და კახა ბურჭულაძე და ოზურგეთელი სულხან მიქატაძე. გვინდა, თქვენი ვებგვერდის საშუალებით მადლობა გადავუხადოთ ბიჭებს.
მადლობა, ბიჭებო!”, _ გვწერენ ბახმაროდან.
ამავე თემაზე: ბახმაროში ადიდებულ მდინარეში მიკროავტობუსი ჩარჩა _ მობილიზებულია სამაშველო სამსახური
“მდინარე ბახვისწყალი მოულოდნელად ადიდდა” _ რა მოხდა ბახმაროში
“მშვიდობით დასრულდა ყველაფერი” _ დავით ჟღენტი