2023 წლის 3 აგვისტოს შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან სამი წელი შესრულდა. სტიქიამ, რომელმაც 33 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, ქვეყანა ბუნებრივი კატასტროფების მართვის სრულიად ახალი რეალობის წინაშე დააყენა.
სამი წლის თავზეც კი, შოვის ტრაგედია კვლავ რჩება მძიმე საზოგადოებრივ ტკივილად და პოლიტიკური დებატების თემად. ხელისუფლების წარმომადგენლები შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის კლდეზვავური პროცესი, რომლის პრევენცია ან განგაშის სისტემებით თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით არ წასულა და კითხვები კვლავ პასუხუგაუცემელი რჩება.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედის, ია მერებაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ტრაგედიიდან სამი წლის შემდეგაც არცერთი პირი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.
PHR-ის შეფასებით, საქმის მასალებზე დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის წვდომის შეზღუდვა ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს ჰქონდა სიცოცხლის დაცვის პოზიტიური ვალდებულება (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი), ხოლოსსკ-ის 342-ე მუხლი (სამსახურებრივი გულგრილობა) იძლეოდა ამ ვალდებულებების შეფასების შესაძლებლობას.
უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშზეც, სადაც ხაზგასმული იყო უწყებების პასუხისმგებლობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნების შეფასების აუცილებლობა, რაც დღემდე არ გაზიარებულა. გარდა ამისა, PHR მიუთითებს ინტერესთა კონფლიქტზეც: საქმეს იძიებს შსს-ს ტერიტორიული ორგანო, მაშინ როცა გამოძიების საგანს ამავე სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქმედებები წარმოადგენს.
პოლიტიკური დებატების მიღმა, მთავარ კითხვად რჩება: რამდენად მზად ვართ მომავალი კლიმატური გამოწვევებისთვის?
შოვის ტრაგედიის მასშტაბსა და ქვეყნის წინაშე არსებულ კლიმატურ გამოწვევებზე „გურია ნიუსი“ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები _ დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, შოვის ტრაგედია თავისი არსით ძალიან უცნაური იყო, რადგან ხეობას ერთდროულად 5 სტიქიური მოვლენა უტევდა, ხოლო სტიქიის ხანგრძლივობა _ 8 წუთი, ძალიან ცოტა იყო იმისთვის, რომ ადგილზე რამე გაკეთებულიყო:
„მთავარი გაკვეთილი და პრობლემა, რაც ვისწავლეთ, ის არის, რომ ასეთი ტიპის მოვლენები კავკასიონზე შეიძლება განვითარდეს არა ერთ, არამედ ბევრ ადგილას. ამის შემდეგ შეფასდა თითქმის მთელი კავკასიონი, მცირე კავკასიონი და აჭარა-თრიალეთის ქედი. არსებული 7 საფრთხიდან გამომდინარე, გამოიკვეთა 47 მუნიციპალიტეტი (თითოეულში 10-10 თემით), სადაც პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს, კონკრეტულად რომელი საფრთხეა მოსალოდნელი. თუმცა, ეს ინფორმაცია ცნობილია მხოლოდ კვალიფიციური კადრებისთვის. პრობლემა ის არის, რომ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის ფართო გავრცელება არ ხდება“, _ აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.
— ქალბატონო ნინო, შოვის შემდეგ გურიამაც მძიმე სტიქიები გადაიტანა. რატომ არის გურიის რეგიონი განსაკუთრებით მოწყვლადი მეწყრული და ღვარცოფული პროცესების მიმართ?
— გურიაც აჭარა-თრიალეთის ქედის ზონაშია და კლიმატის ცვლილების შედეგებს აქ უფრო მკაფიოდ ვხედავთ. გურიაში სამივე მუნიციპალიტეტი საფრთხის ქვეშაა, ყველა მდინარე ღვარცოფულია. როგორც აღმოჩნდა, აჭარა-თრიალეთის ქედი ძალიან მოწყვლადია. შოვის ტრაგედიიდან დაახლოებით ერთ თვეში გურიაში ძლიერი წყალდიდობა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, შემდეგ კი რთული ვითარება შეიქმნა იმერეთშიც. ახლა თელავის ხევმაც დაგვანახა, რომ მოდუნების უფლება არ გვაქვს.
გურია პრობლემურია იმითაც, რომ აქ დაემატა ისეთი მოვლენა, რასაც რეგიონი დიდი ხანია, ვერ ხედავდა _ დიდთოვლობა. საფრთხეები სამივე მუნიციპალიტეტში გააქტიურებულია, რასაც ხელი კლიმატის ცვლილებამაც შეუწყო.
— რა ტიპის პრევენციული სამუშაოები უნდა ჩატარდეს გურიის მდინარეთა ხეობებში, რომ ინტენსიური ნალექის დროს მსხვერპლი თავიდან ავირიდოთ?
— აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი. თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა გვყავდეს სპეციალური სამსახურები და კადრები, რომლებსაც შეტყობინების სწორად წაკითხვა და საფრთხის გაანალიზება შეუძლიათ. ყველა საფრთხის შემცველ თემში შესაბამისი სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ჩვენ ხომ სოფლებს ვერ დავხურავთ?
სამწუხაროდ, იმ ზიანის შემდეგ, რაც გურიას მიადგა, პრევენციული ღონისძიებები არავის ჩაუტარებია, რომ იგივე პროცესები არ განმეორდეს. მთავარი სოფლების დაცლა კი არ არის, არამედ იმის ცოდნა _ როგორ გავამაგროთ ფერდობები, სად და როგორ ავაშენოთ. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც წინასწარ უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა ადგილებზე ასეთ სამუშაოებს, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. ეს უნდა იყოს როგორც მუნიციპალიტეტების, ისე ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტი.
მუნიციპალიტეტებში ტარდება შეხვედრები, დეტალური განხილვები, თუმცა შემდეგ შეხვედრაზე უკვე სხვა ადამიანები გვხვდებიან, რაც მდგრადობას არ უწყობს ხელს. ქვეყანაში ისედაც ცოტაა ისეთი სპეციალისტი, ვისაც პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა შეუძლია. ახლა მზადდება საქართველოს ადაპტაციის გეგმა, რომელიც მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ თითოეულმა მუნიციპალიტეტმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ამას სჭირდება როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსი _ სპეციალისტები ყველგან უნდა იყვნენ. ამის გარეშე ვერ ვიქნებით მზად იმ პროცესებისთვის, რასაც კლიმატის ცვლილება იწვევს.
აუცილებელია, რომ გეგმების მომზადებაში მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთოს. ადამიანებმა ისტორიულად იციან, რა არ უნდა გააკეთონ _ მაგალითად, არ უნდა მოჭრან ხეები ციცაბო ფერდობზე, არ უნდა ააშენონ შენობა მდინარის კალაპოტში. თუმცა, ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. პირველადი რეაგირება სწორედ ის არის, რომ წინასწარ იცოდე, საიდან ელოდო საფრთხეს. სადღაც წყალამრიდია საჭირო, სადღაც ხეების არასწორმა ჩეხვამ შესაძლოა მეწყერი გამოიწვიოს. ამ ყველაფერს ცოდნა და ფინანსები სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტიქია ისევ მოულოდნელი იქნება და რეაგირება მხოლოდ მომხდარის შემდეგ გვექნება, რაც არასწორია.
— ქალბატონო ნინო, რამდენად ხშირად უნდა ველოდოთ მსგავს მოვლენებს საქართველოში კლიმატის ცვლილების ფონზე?
— ექსპერტების პროგნოზები არ არის სახარბიელო _ ყველა ამბობს, რომ ეს პროცესები შესაძლოა უფრო გაძლიერდეს. ამის ერთ-ერთი ნიშანია ის, რომ გაზაფხულზე გურიაში წვიმა ფაქტობრივად არ შეწყვეტილა. ერთ დღესაც შეიძლება მოვიდეს იმ რაოდენობის ნალექი, რომ მდინარემ კალაპოტში გატარება ვერ შეძლოს. ამას წინათ წყალდიდობა იყო ურეკშიც. ეს ნიშნავს, რომ ყურადღება არ ექცევა ისეთ ელემენტარულ საკითხს, როგორიცაა სადრენაჟო სისტემები, რის გამოც დასახლებული პუნქტები წყლით იფარება.
სპეციალისტების თქმით, გურიის ბოლო წყალდიდობა არასწორმა განაშენიანებამაც გამოიწვია. კალაპოტს უნდა შეეძლოს უხვი ნალექის გატარება, რისთვისაც აუცილებელია სწორი ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ჩატარება და არა ინერტული მასალის ამოღება, რაც შემდეგ საფრთხეს უქმნის სოფლებს.
სანამ ექსპერტები სისტემურ პრევენციასა და საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას, ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე 25 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარეობს სოფელ ჯიხეთში სხვადასხვა ლოკაციაზე საყრდენი კედლების, ჩოჩხათის და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხიდების მშენებლობა. სოფელ შრომისუბანში დასრულდა ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა. მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 29 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით კი, სოფელ თხინვალში, ცენტრალურ გზაზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისა და გზის ძელ-ყორით გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი
































































