14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, „ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მყოფ პირებს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს ახსენებს, რომლებზეც რეალური ინკლუზია უნდა იდგეს.
“14 ივნისი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე
ამ დღემ საზოგადოებას უნდა შეახსენოს, რომ
შშმ პირებს არ სჭირდებათ შეცოდება – სჭირდებათ თანასწორობა.
არ სჭირდებათ ფოჩიანი კანფეტები – სჭირდებათ ხარისხიანი სერვისები.
არ სჭირდებათ დახმარება – სჭირდებათ მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
არ სჭირდებათ საგანგებოდ მოწყობილი ღონისძიებები – სჭირდებათ ისეთი გარემო, სადაც ნებისმიერ ღონისძიებაში თანაბრად შეძლებენ მონაწილეობას.
ინკლუზია იწყება მაშინ, როდესაც შშმ პირებს ვხედავთ არა როგორც ზრუნვის ობიექტებს, არამედ როგორც თანასწორი უფლებების მქონე ადამიანებს”,_ აცხადებს “ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი”.


































































