ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს.
“ბათუმელების” ინფორმაციით, ექსპერტმა, რომელმაც სილის გაწვნის შემდეგ ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზა ჩაუტარა, სასამართლოში განაცხადა, რომ დგებუაძე მისივე თქმით, უჩიოდა სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში. თუმცა ექსპერტის თქმით, მას დგებუაძის სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ დაუფიქსირებია. ექსპერტს არ ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა დგებუაძეს სიწითლე, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ასეც რომ ყოფილიყო, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი.
დაცვის მხარის კითხვის საპასუხოდ სასამართლო ექსპერტმა განაცხადა, რომ მას არ აქვს საშუალება შეაფასოს, სიმულურებდა თუ არა დგებუაძე, როდესაც ტკივილზე ჩიოდა. მისი თქმით, სიწითლე არ არის დაზიანების ამსახველი ობიექტური ნიშანი და ამის საილუსტრაციოდ ექსპერტმა თქვა, რომ სიწითლე სახეზე იმ მომენტში შეიძლება მასაც კი ჰქონდეს მიუხედავად იმისა, რომ სილა მისთვის არავის გაუწნია.