მარადმწვანე ოსმანტუსი, საოცრად სურნელოვანი მარადმწვანე ფოთლოვანი მცენარეა, რომელიც ცხრა მეტრამდე იზრდება.
გურიაში, კონკრეტულად ანასეულში, ის 1930 წელს ჩამოიტანეს. მცენარის სამშობლოდ ჩინეთი და იაპონია ითვლება. ყვავის აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასასრულამდე და გამოირჩევა საოცარი სურნელებით.
სურნელოვანი ოსმანტუსი, როგორც ბიოლოგი ცისანა ქაშაკაშვილი გვეუბნება, საკმაოდ რთულად გასამრავლებელია და უფრო დაკალმებით თუ იქნება შესაძლებელი.
_ მრავალი ათეული წლის მანძილზე ვმუშაობდი ანასეულის კვლევით ინსტიტუტში. ძირითადად ჩაისა და ციტრუსოვანთა კვლევით ვიყავით დაკავებული და სურნელოვანი ოსმანტუსის გამრავლება აქ არ გვიცდია. არადა, ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც ამ მცენარის საკუთარ ბაღში “მოშინაურებაზე” უოცნებია და სურვილი მაინც ოცნებად დარჩენია.
როგორც ბიოლოგს, შესაძლებლად მიმაჩნია მისი დაკალმების გზით გამრავლება _ ჰეტეროჰაუქსინის ფხვნილის (არის ასეთი ნივთიერება) წყალში შერევით, უნდა მოხდეს სურნელოვანი ოსმანტუსის კალმების დამუშავება. ეს პროცესი ყველაზე უკეთ მოსახერხებელია აგვისტოში, _ გვირჩია ქალბატონმა ცისანამ.
სურნელოვან ოსმანტუსს აქვს თეთრ-მოყვითალო ყვავილები, რომელთა სურნელი შორ მანძილზეც იგრძნობა. იგი გამოიყენება ნაყენის არომატიზაციისთვისაც.