ოზურგეთში თხილის ფასი გაიყო _ “ბერძნულა” ახლა კილოგრამი 3,20 ლარი ღირს, “გულშიშველა” კი _ 3 ლარი. სხვაობა 20 თეთრია.
ერთი შეხედვით, ფასის დიფერენცირება ბაზრის ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, მათთვის, ვისაც თხილი მოჰყავს, კრეფს და აბარებს, ეს 20 თეთრი დიდად არაფერს ცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როცა თხილის ფასი ისედაც დაბალია და მისი მოყვანა წლიდან წლამდე უფრო ძვირი და რთული ხდება.
თხილის ჩაბარების ფასი აგვისტოს დასაწყისში კილოგრამზე 2 ლარი იყო, მალევე კი ფასი 3 ლარამდე გაიზარდა. ახლა კი “ბერძნულასა” და “გულშიშველას” შორის მცირე სხვაობა გაჩნდა.
“ფასების განსხვავება მაშინ არის კარგი, როცა, ზოგადად, თხილის ფასი ისედაც მაღალია. ახლა არსებული ფასი სახარბიელო არაა და 20 თეთრით განსხვავება, ისედაც დაბალ ფასს, დიდ მნიშვნელობას არ მატებს“, _ გვითხრა ოზურგეთში ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ნონა მალაზონიამ.
მისი თქმით, თხილის დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრისას ფაროსანას გვერდის ავლა შეუძლებელია.
“ფაროსანამ საბოლოოდ მოუღო ბოლო თხილს და ზოგადად, ყველა ხეხილოვანს. საშველი კი არსაიდან ჩანს.
ახლა გვეუბნებიან, ფაროსანას იაპონური ქინქლა შევუსიეთო, ბუნებრივი მტერია ამ მავნებლის და მის კვერცხებს გაანადგურებს, მის პოპულაციას ხელს შეუშლისო. ვნახოთ, ბატონო.
ასე დაპირება–დაპირებაში მესამედი სიცოცხლე მაინც გავიდა და ამ ფაროსანამ კი გაანადგურა ყველაფერი. თხილი ხომ მოსპო. ხილიც რომელი ვარგა, მითხარით.
“ნიკადო” მსხალი ჩამოიყარა. ერთი ცალიც ვერ ვნახე, დაკორძებული და დაღრეკილი რომ არ იყოს. “სალიარკამ” ვერ მოსპო ეგ ფაროსანა და დაველოდოთ ისევ ქინქლას, სხვა რა გზა გვაქვს“, _ ამბობენ ოზურგეთელი მომხმარებლები.
ნათელა არობელიძე, ლია ვადაჭკორია, ნინო აბაშმაძე და სხვები თხილის ჩაბარების შემდეგ სახლისკენ მიიჩქარიან. წინ კიდევ სათხილეა, სამუშაო კი ისევ ხელით უნდა გაკეთდეს.
“სათხილეში გავრბივართ. ნადი გამორიცხულია. წელს ერთი ადამიანის მოხმარება 70 ლარი ღირს და ვის შეუძლია ამ ფასის გადახდა?” _ გვეუბნებიან ისინი.
ადგილობრივი თხილის პლანტაციების მფლობელების თქმით, წლევანდელი მოსავალი განსაკუთრებული სიუხვით არ გამოირჩევა. თუმცა, რაოდენობაზე მეტად პრობლემურია ხარისხი და თხილის შენახვის შესაძლებლობა.
“ხარისხი რომ ჰქონდეს და შენახვა შეიძლებოდეს, ცოტას გადაინახავდა ადამიანი საახალწლოდ, როგორც ადრე ვშვებოდით, როცა ერთი ტომარა თხილი 400-500 ლარს “გვიკეთებდა“. სხვა რომ არაფერი გქონოდა, იმედი იყო. საახალწლო სუფრაზე არაფერი მიგაკლდებოდა და ერთ კვირას მაინც იგრძნობდი თავს ხალისიანად და იმედიანად“, _ ამბობს სოფელ მერიის მკვიდრი ვენერა ბაბილოძე.
თხილის მოვლის შესახებ რეკომენდაციები ბევრი ისმის. ფერმერებს ხშირად ეუბნებიან, რომ კარგი მოსავლის მისაღებად მცენარეს სათანადოდ უნდა მოუარონ, დროულად შეწამლონ და მავნებლებს არ მისცენ საშუალება, მოსავალი გაანადგურონ.
მაგრამ რამდენად რეალურია ეს რეკომენდაციები იმ ადამიანისთვის, რომელსაც რამდენიმე ასეული ძირი თხილი აქვს და ყოველი შეწამვლა დამატებით ხარჯს ნიშნავს?
გამოცდილი აგრონომი, ამჟამად პენსიონერი ელდარ თავაძე ამბობს, რომ პრობლემის მხოლოდ ფერმერზე გადატანა გამოსავალი არ არის:
“ხშირად ვკითხულობ სხვადასხვა ინფორმაციას თხილის მოვლის შესახებ. ახლახან წავიკითხე, ერთი ფერმერი სამეგრელოდან წერდა, თუ გინდათ, ხარისხიანი თხილი მიიღოთ, წელიწადში 12-ჯერ შეწამლეთო. ისე ფაროსანასგან ვერ დაიცავთო.
იცით, რა მიკვირს? ღმერთმა შეაძლებინოს ამ ადამიანს ამდენი ბრძოლა მავნებელთან, თუმცა, 12-ჯერ სახელმწიფომ შეწამლოს ხარისხიანად.
ხომ ხედავთ, შედეგი არაა? ამდენი პრეპარატი სად და როგორ ვიყიდოთ?
ერთეულებს შეიძლება ჰექტრობით თხილის ფართობი აქვთ, ფინანსებიც შესაბამისი და შედეგსაც იღებენ, თუმცა, ეს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ შეუძლია და ამიტომაც საქმე მიდის უკან.
თხილის პლანტაციებიც რომ ხმება, ახალია? ჯერ ეს პროცესი ვერავინ შეაჩერა და არც მიზეზი იციან. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ 12-ჯერ შეწამლეთ, თავი გადადეთ და კარგ და ხარისხიან თხილს თუ მიიღებთ, ფასიც მაღალი იქნებაო, დაცინვა უფროა. ასეთი შეგონება დემაგოგიურ ხასიათს ატარებს. ეს არ არის ხსნის გზა.
რომ ამბობენ, კარგად მიხედეთ და ერთ ჰექტარზე სამ ტონა თხილს მიიღებთო, განა არ ვიღებდით? იქით ვასწავლით, რა შედეგზე გავდიოდით, მაგრამ აღარაა, ბატონო, ის დრო.
მავნებელი თუ სოკოვანი, ერთნაირად აზიანებს მცენარესა და ნაყოფს. თუმცა, ვიმეორებ, ფაროსანამ, ასე ჰქვია, წელში გაგვწყვიტა. ა, ბატონო, დაველოდოთ, რას იზამს იაპონური ქინქლა“, _ გვითხრა ელდარ თავაძემ.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შეფასებით, თხილის ექსპორტი 2025 წელს გაიზარდა. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა, დაახლოებით, 18 პროცენტით გაიზარდა.
თუმცა, ექსპორტის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ თხილის მწარმოებელი ოჯახებისთვის მდგომარეობაც უკეთესია.
“ქართული თხილის კორპორაციის” გენერალური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში თხილის საბოლოო ფასი, დაახლოებით, 15 აგვისტოდან გახდება ცნობილი. ამასთან, ექსპორტიორებს წელს შარშანდელის მსგავსი მაღალი ფასის მოლოდინი არ აქვთ. ერთ-ერთ მიზეზად დასავლეთ საქართველოში თხილის დაბალი ხარისხი სახელდება, რასაც ფაროსანასთან ერთად წლევანდელი ხშირი წვიმებიც უკავშირდება. თუმცა, სოფელში საერთაშორისო ბაზრის მაჩვენებლებსა და ექსპორტის სტატისტიკაზე მეტად ერთი რამ აინტერესებთ _ რამდენს მიიღებენ საკუთარი მოსავლის ჩაბარებისას.
15-20 წლის წინ, გურიაში თხილი მხოლოდ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი კულტურა არ იყო. ის ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. ჩაის კულტურის დიდების დასრულების შემდეგ მოსახლეობამ თხილის პლანტაციების გაშენება დაიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ ნაბიჯმა გაამართლა. თხილის გაყიდვით ოჯახები წლის სამყოფ პროდუქტს ყიდულობდნენ. აგვარებდნენ ყოფით პრობლემებს, ამზადებდნენ ბავშვებს სკოლისთვის და, რაც მთავარია, იცოდნენ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჰქონდათ შემოსავალი, რომელსაც წინასწარ ელოდნენ. სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, ბევრი ოჯახისთვის ბავშვების ტანსაცმლისა და სასკოლო ნივთების ფულიც კი თხილის გაყიდვით მიღებული თანხა იყო. დღეს ეს სურათი შეცვლილია.
თხილის კულტურის ყოფნა-არყოფნის საკითხი უკვე რეალურად დგას. თხილის შემდეგ გაჩენილმა ახალმა იმედმა _ მოცვის კულტურამ, მოსახლეობას ის ეკონომიკური სტაბილურობა ვერ მისცა, რასაც თხილის საუკეთესო წლები იძლეოდა.
მოცვის პლანტაციების მფლობელები წლევანდელ მოსავალს, ზოგ შემთხვევაში, პირდაპირ “თხა ვიყიდე, თხა გავყიდე” პროცესად აფასებენ.
გურიაში თხილის ფასი მხოლოდ ერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასი არასოდეს ყოფილა. ის პირდაპირ უკავშირდებოდა სოფლის ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას. დღეს კი, სხვა პროდუქტების ფასებიც იზრდება. ერთი კილოგრამი ყველი, დაახლოებით, 15 ლარი ღირს, ერთი კვერცხი _ 70 თეთრი, შინაური ქათამი კი, დაახლოებით, 40 ლარი.
ძვირია ხილიც. ადგილობრივი ვაშლი, ფაქტობრივად, ბაზარზე არ შემოსულა, რადგან ცივი ამინდების გამო საადრეო ვაშლს სანაყოფე კვირტიც არ შერჩა.
შედარებით იაფია კარტოფილი _ ერთი კილოგრამის ფასი ერთი ლარიდან იწყება.
ერთი კილოგრამი პომიდორი, ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა, დაახლოებით, 3,50 ლარი ღირს. ძვირია მწვანილეულიც _ ზაფხულის მიუხედავად, რეგიონის ბაზარზე ერთი კილოგრამი მწვანილეული 10-12 ლარი ღირს. ამ ყველაფრის ფონზე თხილის ფასი გურული ოჯახისთვის, უბრალოდ, საბაზრო მაჩვენებელი არ არის.
ეს არის პასუხი კითხვაზე _ შეძლებს თუ არა ოჯახი ზამთარში საჭირო პროდუქტის შეძენას, შეძლებს თუ არა ბავშვის სკოლისთვის მომზადებას და ექნება თუ არა თანხა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში აგროვებს. ამიტომაც უყურებენ გურიაში თხილის თითოეულ თეთრს ასე დიდი ყურადღებით _ 3 ლარი იქნება თუ 3,20? _ ამ 20-თეთრიან სხვაობას დღეს, შეიძლება, ბაზრისთვის თავისი ახსნა ჰქონდეს, მაგრამ იმ ადამიანისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თხილს უვლის, კრეფს, აშრობს, აბარებს და ამ შემოსავლით ოჯახს არჩენს, მთავარი კითხვა მაინც სხვაა _ დაუბრუნდება თუ არა თხილს ის ფასი და მნიშვნელობა, რაც ოდესღაც გურული ოჯახების ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო.
პასუხი კი ჯერ ისევ არ ჩანს. გურიაში ახალი სეზონი ძველი პრობლემებით დაიწყო.
ავტორი

































































