“ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ (EFJ) განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარიცხვის წინადადება წამოაყენა ევროპელ მაუწყებელთა კავშირიდან”, _ ამის შესახებ გაერთიანება “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
“ვფიქრობთ, ევროპელ მაუწყებელთა კავშირიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გარიცხვასთან დაკავშირებით წინადადების წამოყენებაც კი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მას, ამიტომ, მოვუწოდებთ მენეჯმენტს, გააკეთოს ყველაფერი თანამშრომელთა ჩართულობით, მათი პოზიციების მიუხედავად, რომ არ დაუშვას მაუწყებელზე მიმდინარე პროცესების გამოუსწორებელი შედეგი.
გთავაზობთ სტატიიდან ამონარიდებს:
EFJ მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც სამეურვეო საბჭოს შეხვედრაზე მზია ამაღლობელის დაკავების არასათანადო გაშუქება გააპროტესტეს.
EFJ ასევე შეშფოთებულია ქვეყანაში რეპრესიების გაძლიერებით და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ქართული ოცნების“ მიერ შესაძლო კონტროლით, რომლის მიზანი, როგორც ჩანს, მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე ცენზურის დაწესებაა.
შეხვედრის დროს „მოამბის“ წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე სარედაქციო გადაწყვეტილებებში პოლიტიკური ჩარევის გამო გააკრიტიკა. მანამდე, მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. წამყვანმა სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს და ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას – ხელი შეუწყოს საჯარო დებატებს ამ საკითხზე.
წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმაც გამოხატა სოლიდარობა მზია ამაღლობელისა და ყველა „სინდისის პატიმრის“ მიმართ და დასძინა, რომ მაუწყებელმა სრულფასოვნად უნდა გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.
საპასუხოდ, 4 თებერვალს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს არ მიეცა საშუალება წაეყვანა საინფორმაციო გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. EFJ ამ ქმედებას მიუღებელ ცენზურად და პოლიტიკურ ჩარევად მიიჩნევს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს ჩაერიოს,“ – განაცხადა EFJ-ის გენერალურმა მდივანმა რიკარდო გუტიერეშმა.
„თუ უსამართლოდ დასჯილი ჟურნალისტი დაუყოვნებლივ არ აღდგება თანამდებობაზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაირიცხოს EBU-დან.“
EFJ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა შეწყდეს ჟურნალისტების დევნა და გათავისუფლდნენ მზია ამაღლობელი და სხვა სინდისის პატიმრები”, _ ნათქვამია განცხადებაში.