მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის “გურია” მერაბ ჟორდანიას ოჯახის დაინტერესების სფეროში მოხვდა, აქტუალობა დაუბრუნდა გრიგოლეთის სანაპიროზე არსებულ საფეხბურთო ბაზას, რომელიც წლებია, დავიწყებას მისცემოდა და იქ არაფერი ხდებოდა.
ეს ბაზა “გურიას” აღმავლობის ხანაში მნიშვნელოვანი ობიექტი გახლდათ, სადაც საკმაოდ კარგი პირობები იყო შექმნილი კლუბისთვის და ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხბურთო ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით.
გრიგოლეთის ბაზა 1987 წლის დასაწყისში აშენდა, როცა “გურია” სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. თავიდან იგი 6,5 ჰა ფართობს იკავებდა, ახლა კი, ცოტათი შემცირებულია.
მერე, როცა დაიწყო გაჩანაგების ხანა, ეს ბაზაც სრულიად განადგურდა და რამდენიმე მოძველებული შენობის გარდა, იქ არაფერი დარჩა. მართალია, გარკვეული წლების შემდეგ პერიოდულად ხდებოდა იქ არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, მაგრამ რეალურად სრული დატვირთვით, მას კარგა ხანი არ ფუნქციონირებდა.
რამდენიმე წლის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მესვეურებმა საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯეს ბაზის საცხოვრებელი კორპუსის აღსადგენად. კერძოდ, 2016 წელს ერთსართულიანი ე. წ. ასაწყობი შენობის ნაცვლად, კაპიტალური ნაგებობა გაკეთდა და მეორე სართული დაემატა. გარემონტდა სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურაც. პროექტის ღირებულება 400 ათასი ლარი იყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და შენობაში წყალი ჩავიდა, მალევე გამოვიდა მწყობრიდან საკანალიზაციო სისტემა, გაფუჭდა იატაკი, დაზიანდა კედლები. 2018 წელს მისი გარემონტებისთვის დამატებით 20 ათასი ლარი გამოიყო.
მოკლედ, “გურიამ”, რომელსაც 2017 წელს გადაეცა გრიგოლეთის ბაზაზე არსებული შენობა-ნაგებობები ქონების სარგებლობის უფლებით, საკრებულოს მაშინდელ წევრთა უმრავლესობის თანხმობით, საჭიროებისამებრ დაიწყო ამ ბაზის გამოყენება.
ცნობისთვის, მაშინ საკრებულოს ზოგიერთ წევრს განსხვავებული ხედვა ჰქონდა თემასთან დაკავშირებით და დაუშვებლად მიიჩნევდა “გურიასთვის” რაიმე სახის ქონების გადაცემას.
“არ შეიძლება ბაზის “გურიასთვის” გადაცემა”, _ ამბობდა საკრებულოს წევრთა ის ნაწილი, ვინც კლუბისთვის ქონების სარგებლობის უფლებით გრიგოლეთის ბაზაზე არსებული შენობა-ნაგებობის გადაცემაში სამომავლოდ გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.
აღმასრულებელი რგოლის განმარტებით კი, “გურიასთვის” სარგებლობის უფლებით ბაზაზე არსებული შენობა-ნაგებობის გადაცემაში სადავო არაფერი იყო.
თუმცა, სულ რამდენიმე ხნით მოუწია “გურიას” გრიგოლეთის ბაზის გამოყენება, რადგან მალე გამოვიდა მწყობრიდან ახალგარემონტებული ინფრასტრუქტურა, იქ ცხოვრება და ვარჯიში შეუძლებელი გახდა და ბაზა დღესაც ფუნქციონირებისთვის უვარგისია.
ამ დროის განმავლობაში გრიგოლეთის ბაზა ერთგვარი საჯილდაო ქვა გახდა. იყო მცდელობა ამ ტერიტორიის გასხვისების, თან რამდენჯერ, მაგრამ მავანთა მცდელობების მიუხედავად, ეს ვერ გახორციელდა, თუმცა იქ არსებული 6,5 ჰექტარი ტერიტორიის ნაწილი მაინც გაიყიდა.
2010 წელს მაშინდელმა ქონების სამინისტრომ პირდაპირი გზით მოახდინა კერძო პირზე 1 ჰექტარი მიწის მიყიდვა, თუმცა, ამ თემაზე დაბეჯითებით საუბარი, არავის შეუძლია. რა და როგორ მოხდა, ამაზე ვერსიების გარდა, არაფერია ცნობილი.
ამასობაში “გურიას” ახალმა მფლობელებმა გრიგოლეთის ბაზით დაინტერესების საკითხი წინ წამოსწიეს და მზადყოფნაც განაცხადეს, აღადგინონ იქ არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე საუბარია ოთხი სავარჯიშო მინდვრის საფარზე, თავისი ინფრასტრუქტურით. ეს რომ ასეა, გულშემატკივრებთან შეხვედრაზე, ზესტაფონის “მარგვეთთან” გამართული საშინაო შეხვედრის შემდეგ, კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ოქროპირიძემ განაცხადა, რომელმაც დაადასტურა, რომ მათი ინტერესია გრიგოლეთის ბაზაზე თანამედროვე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მან, ასევე, განაცხადა, რომ გრიგოლეთის ბაზის ქონების საკითხის გადაჭრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოხდება.
როგორ მოხდება იქ არსებული ქონების კლუბისთვის გადაცემა, ჯერ გარკვეული არაა. კლუბის მესვეურებმა ქონების სააგენტოს მიმართეს და იქ სცადეს ამ ქონების საკითხის მოგვარება. ამას მოჰყვა ამ სააგენტოდან წერილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მისამართით, სადაც გრიგოლეთის ბაზის მიწის და იქ არსებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას ითხოვდნენ.
როგორც გაირკვა, ამას მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, კატეგორიულად არ ეთანხმება და გადაცემის სხვა ფორმაზე აკეთებს აქცენტს _ მან საკრებულოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე “ლელოს” დეპუტატის, გოჩა ჯანაშიას მიერ გრიგოლეთის ბაზის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
სარიშვილის თქმით, გრიგოლეთის ბაზის საკითხი მხოლოდ მერიის გადასაწყვეტი არაა:
“ამ საკითხზე ყველამ უნდა იმსჯელოს. ჩვენთან ქონების სააგენტოსგან შემოვიდა წერილი, რომ მათთვის აბსოლუტურად უფასოდ გადაგვეცა ეს ქონება, რომელსაც შემდეგ გადასცემდენ დაინტერესებულ მხარეს, რაც ვფიქრობ, რომ სავსებით არასწორია.
ჩვენ საკუთრებაშია საკმაოდ სარფიანი ქონება, მიწის სახით და ჩვენსა და დაინტერესებულ მხარეს შორის შეიძლება მოხდეს მოლაპარაკება თითოეული თქვენგანის ჩართულობით, წარიმართოს განხილვები. მარტო მერი ვერ მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას. ეს არ უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენ სახელმწიფოს გადავცეთ 15 მილიონად შეფასებული ქონება უსასყიდლოდ, რომელსაც შემდეგ ის გაყიდის. მუნიციპალიტეტს რა მოგება ექნება ასეთ შემთხვევაში?! მგონი არც ერთი თქვენგანი არ დამეთანხმება, რომ ავდგეთ და ეს ამხელა ქონება მივცეთ “გურიას”.
ძალიან კარგია, რომ კლუბს ჰყავს კარგი ინვესტორი, ძალიან კარგია, რომ “გურია” დგება იმ საწყისებზე, რა საწყისებზეც იყო თავის დროზე, მაგრამ ახლა ჭირდება სწორი გათვლა და სწორი მიმართულება, რომ მუნიციპალიტეტი არ დაზარალდეს.
კი, ბატონო, კლუბი “გურია” მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ მეორე მხარეს მუნიციპალიტეტია, რომლის ინტერესების დაცვაც უპირველესია. ამიტომაც ჩვენგან პირდაპირ უარი გაეგზავნა ქონების სააგენტოს. რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიას, რომელიც შემოსულია ამ ინტერესით მუნიციპალიტეტში, მათთან გვქონდა გარკვეული სიტყვიერი საუბარი, წარმოადგენენ თავიანთ პირობებს. უახლოესი კვირების განმავლობაში მოხდება, ალბათ, იურისტების შეხვედრა და შეჯერდება, რა და როგორ უნდა მოხდეს.
განვმეორდები, არ მგონია სწორი, რომ სახელმწიფოს უსასყიდლოდ უნდა დავუთმოთ ეს ქონება და შემდეგ მისი გაყიდვიდან, მუნიციპალიტეტმა ვერც ერთი თეთრი ვერ მიიღოს. ამ დროისთვის 15 მილიონადაა შეფასებული ეს ქონება, რაც ჩვენი ბიუჯეტისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა”, _ თქვა ლანჩხუთის მერმა გრიგოლეთის ბაზის თემაზე საუბრისას.
ავტორი



































































