წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი ტყიანი მასის შემქმნელი მცენარეა. მისი მერქნის უნიკალური მნიშვნელობა, როგორც საშენი მასალისა, საყოველთაოდ ცნობილია. ამჯერად წიფლის ნაყოფზე, წიწიბოზე უნდა ვისაუბროთ.
ჩვენში წიფლის ნაყოფს წიწიბოს გაცილებით ადრე ეძახდნენ, ვიდრე უცხოეთიდან მარცვლეულ წიწიბურას შემოიტანდნენ. საქართველოში, სწორედ წიწიბოსთან გარეგნული მსგავსებით უწოდეს მას “წიწიბურა”.
წიწიბო ზეთოვანი, გემრიელი ნაყოფია, რომელსაც ჩვენში ხშირად საკვებადაც იყენებდნენ და მზესუმზირასთან ერთად გამოჩნდებოდა ხოლმე ბაზარზე გასაყიდად.
ადამიანისთვის წიწიბურა, მოხალვის გარეშე, საჭმელად საზიანოა, თუმცა, მას მაინც მიირთმევენ ხოლმე.
რაც შეეხება წიწიბოს, როგორც გარეულ თუ ტყეში გაშვებულ შინაურ ცხოველთა საკვებად საუცხოო საშუალებაა და ბაზარზე ხშირად ისმის კიდეც, წიწიბოზე გაზრდილი ღორია, ფასიც საგანგებო აქვსო.
წიფელი წიწიბოს ყოველ წელს ერთნაირი მოსავლიანობით არ ისხამს _ ყოველ მომდევნო წელს მეტ-ნაკლები მსხმოიარობით გამოირჩევა და ამით ძალზე ჰგავს ხეხილოვნებს.
ჩვენში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც წიწიბოს შეგროვების და მისი ბაზარზე გატანის შესახებ საუბრობენ. თუმცა, რა ფორმით და როდის მოახერხებენ ამას, რა დანიშნულებით გამოიყენებენ _ როგორც საკნატუნას თუ კაკლოვანთა მსგავსად, ჯერჯერობით, არ საუბრობენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ჯერ პროდუქცია უნდა აჩვენონ მომხმარებელს, რასაც რეკლამა უნდა მოჰყვეს.
დღეისთვის გურული ფერმერები საუბრობენ იმაზეც, რომ აუცილებელია წიფლის ტყეების კიდევ უფრო გაშენება და მისი საგანგებოდ მოვლა, რათა მერქანთან ერთად ახალი მიმართულება და პოპულარობა შეიძინოს წიწიბომ.
დღეისთვის გურიის ტყეებში ჩანს უხვმსხმოიარობით გამორჩეული წიფლის ხეები, რასაც ხშირად ტურისტებიც ვერ უვლიან გვერდს გულგრილად.
წიწიბო საჭმელად ვარგისია შემოდგომაზე.