„წყალი როდის მოვა,ხომ არ იცის ვინმემ?“ _ ეს კითხვა ლანჩხუთში ქალაქის მოსახლეობის ნაწილს უკვე სამი დღეა აწუხებს. როგორც თავად ამბობენ, ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ მიიღეს დაპირება, რომ წყლის მიწოდება კონკრეტული დღის კონკრეტულ საათზე აღუდგებოდათ, თუმცა, საქმე ამის იქეთ არ წასულა.
„ჯერ გვითხრეს, საღამოს ექვს საათზე მოვაო. რომ არ მოვიდა, მეორე დღისთვის დაგვპირდნენ, შუადღისას გექნებათო და ასე ყოველ დღე ცვლიან დროს. წარმოიდგინეთ, როგორია კორპუსში დღეების განმავლობაში წყალი რომ არ გექნება“, _ ამბობს უწყლობით შეწუხებული მოსახლეობა.
როგორც „გურია ნიუსმა“ გაერთიანებული წყალმომარაგების ადგილობრივ სამსახურში გაარკვია, სოფელ ორაგვის ტერიტორიაზე ხიდის რეაბილიტაციისას წყლის მილი დაზიანდა და სწორედ ამის გამო შეექმნა მოსახლეობას წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები. მათი თქმით, დაზიანების ადგილიას მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და სამი დეკემბრის საღამოს საათებში პრობლემა აღმოიფხვრება.

































































