უკვე ცნობილი ამბავია, რომ ლანჩხუთში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაა დაგეგმილი. ამის თაობაზე 2025 წლის შემოდგომაზე ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა. “ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟი და ახალი, უეფას მეორე კატეგორიის სტადიონის პროექტირება”, _ ეწერა უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჰოდა, აღმოჩნდა, რომ ფეხბურთის ლანჩხუთელ გულშემატკივართა ნაწილი არ ეთანხმება ძველი სტადიონის დემონტაჟს და მის ადგილას ახალი მშენებლობის წამოწყებას. მათი აზრით, არსებული სტადიონი უნდა შენარჩუნდეს და მისი სათადარიგოდ გამოყენება მოხდეს, ხოლო ახლის მშენებლობისთვის სხვა ტერიტორია შეირჩეს.
ამ კატეგორიის გულშემატკივართა რიცხვს მიეკუთვნება საკრებულოს წევრი “ძლიერი საქართველო-ლელოს” გუნდიდან გოჩა ჯანაშიაც.
“ძალიან კარგი ამბავია, რომ ლანჩხუთში ახალი სტადიონი კეთდება, მაგრამ, როგორც გავიგეთ, არსებული სტადიონის ადგილზე. ანუ, სრულიად დაიშლება ძველი და აშენდება ახალი. გვაინტერესებს, მაშინ, როცა სტადიონის მიმდებარედ ტერიტორია ასარჩევად გვაქვს, რატომ არ გადაწყდა ახლის აშენება სულ სხვა ადგილას, რაც გამოიწვევდა იმას, რომ ახალი სტადიონიც გვექნებოდა და ძველსაც გამოვიყენებდით საჭიროებისამებრ. მით უმეტეს, რომ “გურიას” მაღალი მიზნები აქვს და ამ მიზნების მისაღწევად მომავალში სხვა ქალაქებში მოუწევს თამაში. ეს აზრი ბევრმა გულშემატკივარმა არ მოიწონა და მათი სურვილია, ახალი სტადიონის მშენებლობის პროცესში გუნდმა საკუთარ ქალაქში ითამაშოს. ვინ და რატომ გადაწყვიტა ძველი სტადიონის დანგრევა და ახლის იმ ადგილზე აშენება?” _ ამბობს ჯანაშია, რომელმაც ეს საკითხი საკრებულოს ბოლო სხდომაზეც გააჟღერა და თემასთან დაკავშირებით კითხვითაც მიმართა მერს, ალექსანდრე სარიშვილს.
სარიშვილის თქმით, არაა წინააღმდეგი, მშენებლობისთვის სხვა ადგილი შეირჩეს. საჭიროების შემთხვევაში ამ კუთხითაც შეიძლება წარიმართოს მსჯელობა, თუმცა თვლის, რომ ამ შემთხვევაში ხარჯების თემაც გასათვალისწინებელია, რადგან ორი სტადიონის შენახვა ტვირთად დააწვება ბიუჯეტს.
“არ ვარ წინააღმდეგი, თუმცა გასათვალისწინებელია, მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ვსაუბრობდით და ვითხოვდით, რომ სტადიონის ტევადობა გაგვეზარდა და ახლა უცებ, არა, აქ აღარ გვინდა და იქეთ აგვიშენეთო. თუკი ამ თემაზე თავიდანვე იქნებოდა საუბარი, მოწესრიგდებოდა ესეც. თუმცა, თუ საჭიროა, შეიძლება ვიმსჯელოთ ამ საკითხზეც.
აქვე ხარჯების თემაცაა გასათვალისწინებელი. დღევანდელი ვითარებით სტადიონის მოვლა-პატრონობა მთლიანობაში მუნიციპალიტეტს 250 ათასი ლარი უჯდება. სამომავლოდ, თუკი ახალ სტადიონს სხვა ლოკაციაზე გავაკეთებთ, რომელიც მაღალ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და უეფას სტანდარტებით უნდა აშენდეს, მისი მოვლა, ჩემი გათვლებით, დაახლოებით მილიონ ლარამდე დაჯდება”.
ცნობისთვის, კონკურსი სტადიონის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის, რომლის ღირებულებაც მილიონ ლარს აღემატებოდა, ხოლო შესრულების ვადად 8 თვე იყო განსაზღვრული, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2025 წლის ზაფხულში გამოაცხადა.
მაშინ ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ლანჩხუთში უეფას II კატეგორიის სტადიონის მშენებლობა იგეგმებოდა. თუმცა, იმთავითვე წავიდა საუბრები, რომ მეორე კატეგორიის ნაცვლად ლანჩხუთში მესამე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა დამტკიცებულიყო.
კლუბის საუკუნის ფეხბურთელად აღიარებულმა თემურ ჩხაიძემ სოციალურ ქსელში მაშინ დაწერა კიდეც:
“საქართველოში ერთ-ერთი პატარა ქალაქის გუნდმა, ლანჩხუთის “გურიამ”, ბევრი სიურპრიზი შესთავაზა ფეხბურთის გულშემატკივარს. “გურია” ორჯერ გადავიდა სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში და თხუთმეტი ქვეყნის ჩემპიონატში პირველმა ააშენა 25 000 მაყურებელზე გათვლილი სუფთა საფეხბურთო სტადიონი (სარბენი ბილიკის გარეშე), რომელიც ყველა თამაშზე ისე ივსებოდა, ნემსსაც ვერ ჩაატევდი. გუნდი, რომელმაც დატოვა სსრკ ჩემპიონატი და საქართველოს პირველი ეროვნული თასის მფლობელია, ორჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონიცაა.
მე არავის არ ვაკნინებ, მაგრამ ლანჩხუთს, ძველი საფეხბურთო ტრადიციების ქალაქს, ნამდვილად ეკუთვნის მინიმუმ 8-10-ათასიანი სტადიონი. დარწმუნებული ვარ, “გურია” ისევ დაიბრუნებს ძველ დიდებას! ამ იმედს მაძლევს ლანჩხუთელების სიყვარული ფეხბურთის მიმართ.
ასევე, დღეს ლანჩხუთს ჰყავს გოგონათა გუნდი, რომელიც თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ლანჩხუთში თამაშს ვერ ახერხებს, რადგან სტადიონი არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. იმედი მაქვს, გაითვალისწინებენ “გურიას” ტრადიციებს და ისტორიას…”
ცნობისთვის, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის დასავლეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნების დემონტაჟი 2012 წელს განხორციელდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით გამოიცვალა მინდვრის საფარი. არსებობდა ახალი სტადიონის პროექტიც, მაგრამ ხელისუფლება შეიცვალა და მისი განხორციელება ვერ მოხერხდა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები წინამორბედ ხელისუფლებას სტადიონის მიზანმიმართულ დანგრევასა და თანხების მითვისებაში ადანაშაულებდნენ. გიორგი გოგუაძე კი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ბოლო წლებში ლანჩხუთის გამგებელი იყო, აცხადებს, რომ ახალი სტადიონის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროში (“ნაცმოძრაობის” ხელისუფლების დროს მინისტრი მისი მეგობარი და ლობისტი რამაზ ნიკოლაიშვილი გახლდათ) იდო, მაგრამ მისი დალობირება ლანჩხუთიდან არ მოხდა და დაფინანსება წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა წაიღო.
მას შემდეგ არაერთხელ იყო საუბარი, რომ ლანჩხუთში სტადიონი გაკეთდებოდა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირებიც საუბრობდნენ.
2019 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივ ხელისუფალთა მხრიდან, დაანონსდა კიდეც, რომ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონს ფონდი “ქართუ” გააკეთებდა. მაშინდელი ინფორმაციით, გაკეთდებოდა დასავლეთ ტრიბუნა, თანამედროვე ლოჟით, ხოლო ტრიბუნის ქვეშ გასახდელების გაკეთებაც განიხილებოდა. ცნობისთვის, ფონდმა “ქართუმ” მანამდე 500 ათასი ლარით დააფინანსა “გურიას” სტადიონის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, გასახდელებითა და საოფისე ოთახებით.
მაშინ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს “გურიას” სტადიონის დასავლეთ ტრიბუნის გაკეთებაში დახმარება საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ სთხოვა, რასაც რეაგირება მყისიერად მოჰყოლია და მთავრობა თემით დაინტერესებულა.
“არ მინდა, ამ თემაზე წინასწარი საუბრები. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იყვნენ ჩამოსულები, ნახეს. კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით, როდის დაიწყება სამუშაოები და როდის იხილავს გულშემატკივარი რეაბილიტირებულ სტადიონს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამას დიდი ხანი არ დააგვიანდება. პირობა ძალაშია და ლანჩხუთის “გურიაც” აუცილებლად დაიბრუნებს ძველ დიდებას”, _ გვითხრა ბესიკ ტაბიძემ.
თუმცა, როგორც დრომ აჩვენა, საქმე ამის იქით აღარ წასულა და ადგილობრივ ხელისუფალთა წლების წინანდელი მტკიცება, რომ გადაწყვეტილი საქმე იყო, ლანჩხუთში “გურიას” სტადიონს “ქართუ” ააშენებდა, დაპირებად დარჩა.
ავტორი
































































