საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ უარი თქვა შეერთებოდა ამავე საბჭოს დაკავებული წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერ განცხადებას.
„მე, რა საკვირველია არ შემოვუერთდები იმიტომ, რომ ჩემი ინდივიდუალური მოსაზრებაა, ინდივიდუალური და მე არც მისაუბრია კოლეგებთან, მე არც ქუჩის გადაკეტვის სოლიდარული ვარ, არც პოლიციის მანქანებზე ასვლის მიმართ ვარ სოლიდარული და არც შეურაცხყოფების მიმართ ვარ სოლიდარული, არც საჯაროდ და არც შიგნით, არც სხდომის შიგნით“, – თქვა ვასილ მაღლაფერიძემ.
სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა ზაზა აბაშიძემ და ლაშა ტუღუშმა დღევანდელ სხდომაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერი განცხადება წარადგინეს. მათ ბორდის წევრებს უთხრეს, რომ შეეძლოთ ინდივიდუალურად შეერთებოდნენ წერილს, ან განცხადება ბორდის სახელით გაკეთებულიყო. ლაშა ტუღუშის თქმით, საბჭოს წევრებს 18:00 საათამდე დაელოდებიან და განცხადებას შემდეგ გაავრცელებენ.
ინფორმაციას ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს.
































































