უხვმა თოვლმა ბახმაროში პრობლემები ამ ზამთარშიც შექმნა.
როგორც “გურია ნიუსს” ადგილიდან ვიდეო “ბახმაროელმა” მოაწოდა, დაბა ბახმაროში მშენებლობის ქუჩაზე და ასევე გურიის ქუჩაზე, (სადაც ასფალტი მთავრდება), ზვავისგან სახლებია დანგრეული.
სახლების დანგრევის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ადასტურებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელიც, შოთა გიორგაძე.
“ბახმაროში ძალიან უხვი ნალექი იყო. დაახლოებით 6-7 მეტრა თოვლი მოვიდა. ბახმაროს შესასვლელთან, აეროპორტს რომ ეძახიან, ვერტმფრენები სადაც ჯდება, იმის ცოტა მოშორებით, მზის ჩასასვლელი გორიდან წამოვიდა ზვავი. მშენებლობის ქუჩის ღარდოში, (ღელეში) მდებარე სახლები ჩაიტანა დაბლა და დაანგრია. მეორე მხარე გურიის ქუჩის სათავეში სასტუმრო დაანგრია, გურიის ქუჩის აქეთა მხარესაც გამოიწვია ნგრევა. ალბათ, 100-მდე სახლი შეიძლება გამოჩნდეს, რომ დაინგრა. ნაბერი, მიბერილი თოვლი ზოგან ახლა 3-ს, ზოგან კი 5 მეტრსაც აღწევს, ზოგან საერთოდ არაა”,_ ამბობს მერის წარმომადგენელი.
ინფორმაციისთვის, როგორც შოთა გიორგაძე გვეუბნება, ზვავი დაახლოებით ერთი თვის წინ ჩამოწვა.
“როცა თოვლმა დაიწყო გალღობა და ახალი თოვლი დაემატა, მაშინ წამოვიდა ზვავი. მოხდება თოვლსგან განადგურებული სახლების აღწერა, თუმცა არაკანონიერად აშენებულ სახლებზე, სახლებზე რომლებიც რეგისტრირებული არ არის, კომპენსაცია არ გაიცემა და სახლები, რომლებიც დარეგისტრირებულია, სავარაუდოდ, კომპენსაციას მიიღებს. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის”,_ გვეუბნება მერის წარმომადგენელი.
ცოტა ხნის წინ, მეწყერი ჩამოწვა ცხრაწყაროზე.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, გუშინ, 9 წყაროს თავზე მიწის მასა ისევ ჩამოიშალა, წამოიღო ხე თავის ფესვებით და სამანქანო გზაზე წინ გადაეღობა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით 9 წყაროს მიმართულებით გადაადგილება სახიფათოა.
“მაშინ რაც ჩამოწვა მიწის მასა გაწმინდეს, სამივე ცხრაწყაროს შენარჩუნება შევძელით. მაგრამ ახლა ცხრა წყაროს თავზე, გორზე კიდევ წამოსულია ზავალი და გაჩერებულია. ამიტომ საშიშროებაა და ელოდებიან, როგორ გაანეიტარლონ.
ჩაწყობილია ქვაფენილები, რომლებსაც მანქანა ვერ გადაუვლის. სანამ არ მოხდება მაგის გასუფთავება, გატანა და გაკეთება, იქამდე საშიშროებაა.
ჯერ გზა ვერ გაიწმინდება, იმიტომ რომ ფეხით მოსიარულე ჩემმა თანაშემწემ რომ შეამოწმა მოსახვევებში, ღელეში, თოვლის დიდი მასაა, ზოგან ასფალტიც ჩანს, სადაც ნამზეურია”,_ გვეუბნება შოთა გიორგაძე.