“პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესების დამტკიცების შესახებ,” _ ასე ჰქვია ბრძანებას, რომელსაც ხელი 19 აგვისტოს მოეწერა.
უფლებადამცველი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ეთიკის კოდექსის არსებობა წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გარკვეული რეგულაციების ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. ამავე დროს ის მიიჩნევს, რომ კოდექსი ზოგადია და ფართო დისკრეციის საშუალებას იძლევა.
“ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ ზოგიერთი მუხლი უფრო დეტალური და განჭვრეტადი გახდება, რათა თითოეული უფლებამოსილება და ვალდებულება ზუსტად იყოს განსაზღვრული. მაგალითად, მუხლი 6, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი პრობლემა, რომელიც წარმოიშვება დაწესებულებაში, უნდა მოგვარდეს დაწესებულების ადმინისტრაციასთან კონსულტაციის საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე არ მოგვარდება, ეცნობოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. არის ისეთი საკითხები, რაც ადგილობრივ დონეზე მოგვარებადია, მაგრამ არის სისტემური საკითხებიც, რომლებსაც ციხის ადმინისტრაცია ვერ მოაგვარებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს მუხლი გარკვეულწილად შემზღუდავია, თუმცა შესაძლოა, ეს იმით იყოს განპირობებული, რომ დეპარტამენტი ზედმეტად არ გადაიტვირთოს და პრობლემების ნაწილი ადგილზე მოგვარდეს,” _ ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი „გურია ნიუსთან”.
მისივე მოსაზრებით, ახალ ეთიკის კოდექსში გაწერილია ძირითადად ვალდებულებები და ნაკლებად არის განსაზღვრული კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენლის უფლებები. მისი თქმით, უფლებებისა და ვალდებულებების თვალსაზრისით კოდექსს ბალანსის პრობლემა აქვს: “კარგი იქნებოდა მასში ასახულიყო საპყრობილეების ადმინისტრაციის ვალდებულებებიც , როგორ უნდა შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, როგორ უნდა უზრუნველყოს ის საჭირო ინფორმაციით. ეს უნდა იყოს ორმხრივ უფლება-ვალდებულებებზე დაფუძნებული კოდექსი.”
ახალი ეთიკის კოდექსით მონიტორს ბრალდებულის და მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გახმაურება ეკრძალება.
“დაწესებულებაში საქმიანობისას მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომელიც გათვალისწინებულია სამინისტროსთან დადებულ შეთანხმებაში, რის საფუძველზეც იმყოფება დაწესებულებაში,”_ ნათქვამია კოდექსში.
“იმის თქმა, რომ ეს რეგულაცია უარყოფით გავლენას მოახდენს, ცოტა გამიჭირდება, რადგან არის საკითხები, რაც მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე არ უნდა გავრცელდეს, თუმცა აქვე უნდა იყოს დათქმა რა არის მონიტორინგის მიზანი. ასევე შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება არ მოახდინო და ისე გაავრცელო გარკვეული ინფორმაცია. ასევე ბუნდოვანია ინფორმაციის სხვა მიზნებით გამოყენების აკრძალვის დათქმა, რადგან მე, როგორც მონიტორმა შეიძლება კონკრეტული ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან განვიხილო და, ეს სხვა მიზნებით გამოყენებაში ჩამითვალონ”.
კითხვებს ბადებს კოდექსის კიდევ ერთი მუხლი: “არ დაპირდეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ისეთი საკითხის მოგვარება, რაც მის კომპეტენციაში არ შედის.”
“ეს პუნქტიც ძალიან ზოგადია, შეიძლება კონკრეტული საკითხის მოგვარება მონიტორის კომპეტენციაში არ შედიოდეს, მაგრამ შეეძლოს სხვა სტრუქტურებისა და ორგანიზაციების ჩარევით პატიმრის დახმარება. ბუნდოვანია, რატომ უნდა იყოს ეს დათქმა; ალბათ, უკეთესი იქნებოდა, სხვაგვარი ფორმულირება ჰქონოდა,”_ ამბობს ჯანეზაშვილი.
არსებული კოდექსი მონიტორის მედიასთან ურთიერთობის შესახებ კონკრეტულად არაფერს ამბობს, თუმცა შესაძლებელია ციხეებიდან ინფორმაციის გამოტანა მონიტორებს ხელშეკრულების გაუქმების ფასად დაუჯდეთ.
“მედიასთან ურთიერთობაზე შეზღუდვები არ არის და ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუკი სამინისტროსთან დადებულ ხელშეკრულებას სცილდება, ვერ გაიტან ინფორმაციას. მაგალითად, თუ მონიტორის მიზანია მხოლოდ კვების ხარისხის შემოწმება, ის ვერ გაიტანს ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის ან ფიზიკური დაზიანებების შესახებ. ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ ეს შემზღუდავი ნორმააა.”
ჯანეზაშვილი კანონით დარეგულირებული საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რათა ციხეების მონიტორინგი არ იყოს დამოკიდებული კონკრეტული მინისტრის კეთილ ნებაზე.
“ეთიკის კოდექსის არსებობა ცხადჰყოფს იმას, რომ აუცილებელია საქართველოში შეიქმნას საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი, რაც იქნება კანონით დარეგულირებული და არ იქნება კონკრეტული მინისტრის ნებაზე დამოკიდებული. იმისათვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის სტაბილური ზედამხედველობა გახორციელდეს, აუცილებელია საზოგადოებრივი მონიტორინგის კანონით დარეგულირება”.
ეთიკის კოდექსით, აღნიშნული წესები არ ვრცელდება სპეციალური პრევენციული ჯგუფის და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომელთაც დაწესებულებაში მონიტორინგის გახორციელების უფლებამოსილება აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი დაარღვევს ამ ეთიკის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სამინისტრო უფლებამოსილია მისცეს გაფრთხილება ან/და შეწყვიტოს ორგანიზაციასთან ურთიერთობა და აღნიშნული ორგანიზაცია არ დაუშვას დაწესებულებაში.