ამის შესახებ დღეს სოზარ სუბარმა სამინისტროს წლიური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
“ვფიქრობ, მერაბიშვილს ხმაურით უნდა გადაფაროს ის ბრალდებები, რაც მას აქვს წაყენებული. შემიძლია გითხრათ, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანილი არ ყოფილა. ეს არის აბსოლუტური ტყული. შაბათ-კვირას და, თუ არ ვცდები, ორშაბათს, მასთან შესული იყო ადვოკატი და ძალიან დიდხანს საუბრობდნენ. ეს რომ მომხდარიყო, მერაბიშვილი აღნიშნულის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, იმავე დღეს მოითხოვდა გამოძიების დაწყებას და კადრების ამოღებას, მაგრამ როცა ნახა, რომ ვიღაც ადამიანები დაიჭირეს და მას ახალ ბრალს უყენებდნენ, მაშინ გადაწყვიტა ასეთი განცხადების გაკეთება,” _ განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერს, რომლის ამოღებასაც მერაბიშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვენ, სუბარის თქმით, კადრებს მანამ ვერ ამოიღებენ, სანამ გამოძიება არ დაიწყება.
“ვერ იქნება კადრები ამოღებული. მე სრულიად ვეთანხმები პროკურატურის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება არ დაიწყოს. არავინ აპირებს მერაბიშვილზე ზეწოლას და არც მისთვის პირობების გაუარესებასრადგან არასერიოზულ თემებზე გამოძიება არ იწყება. თუ გამოძიება დაიწყება, ფირს ამოიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან ხელის ხლების უფლება არ აქვს არავის, მათ შორის არც მე. ეს არის საიდუმლო მასალები, რომელიც კანონით დაცული წესით იწერება და მასთან პირდაპირი წვდომა სამინისტროს არ აქვს,” _ განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ვანო მერაბიშვილთან ფსიქიატრი იმყოფებოდა, მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამის გასაჯაროების უფლება სამინისტროს არ აქვს.
“თუ ბატონი ვანო მერაბიშვილის თანხმობა იქნება, ამ კითხვაზეც გიპასუხებთ და გეტყვით რა პროფილის ექიმებმა მოინახულეს, მაგრამ მისი თანხმობის გარეშე ამის უფლება არ გვაქვს,” _ განაცხადა თალაკვაძემ.