კონსტანტინე გამსახურდია, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თეორიულად შესაძლებელია სხვისი ხელითაც განხორციელებულიყო ეს გასროლა.
"ეროსი კიწმარიშვილის ცხედრის დათვალიერების შემდეგ დაიწერა, რომ მას hქონდა "სტანც-მარკა", ანუ ლულის ანაბეჭდი შესაბამისი დაზიანებებით.
კრიმინალისტიკაში ისეა, რომ "სტანც-მარკა" მიბჯენით სროლაზე მიუთითებს, ისევე, როგორც შემავალი ჯვარედინი ნახეთქი ჭრილობა. როგორც დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე 2009-2011 წლებში ვიტყოდი, რომ თეორიულად შესაძლებელია სხვისი ხელითაც განხორციელებულიყო ეს გასროლა.
აქ მნიშვნელობა ექნება სიკვდილის გამომწვევი იარაღის დახრილობის კუთხეს, ასევე ძალადობის კვალს სხეულზე. გამოსაკვლევია, იყო თუ არა გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები მკვლელობის თუ თვითმკვლელობის იარაღზე. თავის ქალა ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანებული იქნება.
ცნობისთვის: ზვიად გამსახურდიას ცხედარს, თუკი ვიმსჯელებთ, ძირითადი მოწმეების გადმოცემებით, არ აღენიშნებოდა არც სტანც-მარკა, არც ჯვარედინი ნახეთქი ჭრილობა. ტყვიის მიერ გაკვალული გზა (ანუ შემავალი ხვრელიდან გამომავალისკენ) იყო ზემოდან ქვემოთ და რამდენადმე წინიდან უკან.
დანაშაულის ყველა კვალი და ნივთი დაკარგულია ან შეგნებულადაა განადგურებული 1994 წლის იანვარშივე. ასევე, წმინდა ფსიქოლოგიური კუთხიდან უცნაურია, რატომ უნდა მოიკლას თავი ადამიანმა, თუკი მას კონკრეტული გეგმები გააჩნია და მათზე საჯაროდ საუბრობს", _ წერს გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.





































































