"რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით,ოჯახის წევრებში, მეგობრებსა და საზოგადოებაში კითხვის ნიშნები უკვე გაჩნდა. მისი თანაგუნდელები გამორიცხავენ, რომ იარაღი, რომელიც მის მანქანაშია ნაპოვნი, კიწმარიშვილის არ იყო, თუმცა, მეგობრების ნაწილი აცხადებს, რომ ის ძმისთვის დაბადების დღის საჩუქრად იარაღის ყიდვას აპირებდა. მთავარი პროკურატურის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ კიწმარიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღი მისივე სახელზე 15 ივლისს დაარეგისტრირა.
ეროსი კიწმარიშვილს მისთვის იარაღის გაფორმებაზე არაფერი უთქვამს , _ ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის თანაშემწე თიკო ბეჟაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
"ძალიან ბევრ თემაზე ვსაუბრობდით და არც უხსენებია. ასეთი საუბრების დროს შეეძლო ეხსენებინა, რომ ძმისთვის იარაღის ჩუქებას აპირებდა. იარაღის გაფორმებაზეც არაფერი უთქვამს. ცნობებზე, რა თქმა უნდა, მე დავდიოდი და მე ვიღებდი. ასეთ საქმეს ვაკეთებდი 17 წლის განმავლობაში და არ მგონია, ერთ დღეში გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელმაც შეაგროვა ეს საბუთები, მიაწოდა და თან ერთ დღეში გაუფორმა, ეს წარმოუდგენელია. თვითმკვლელობას გამოვრიცხავ", _ აღნიშნა თიკო ბეჟაშვილმა და დასძინა, რომ ბოლო პერიოდში მუქარის შემცველ ზარებს ეროსი კიწმარიშვილთან მიმართ ადგილი არ ჰქონია.
მსგავს ინფორმაციას ავრცელებს ეროსი კიწმარიშვილის საარჩევნო შტაბის თანამშრომლი ანი ხოშტარიაც. მისი ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი იარაღს არ ატარებდა.
როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებთან კომენტარისას აღნიშნა, ის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.
"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში დამარცხდა, მას დიდი გეგმები ჰქონდა, მოსახლეობისთვის დანაპირების შესრულებას აპირებდა. ის თავს არ მოიკლავდა და მას იარაღი არ ჰქონდა", _ განაცხადა ხოშტარიამ.
თუმცა, ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი ბადრი ნანიტაშვილი აცხადებს, რომ კიწმარიშვილი ძმისთვის საჩუქრად იარაღის ყიდვას აპირებდა , _ ამის შესახებ მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევნაში“ განაცხადა.
მისი განმარტებით, ძმისთვის საჩუქრის გაკეთება რომ უნდოდა, ამის შესახებ კიწმარიშვილმა მას გარდაცვალების წინა დღეს უთხრა, თუმცა ნანიტაშვილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ 14 ივლისს, როდესაც ეროსი კიწმარიშვილს შეხვდა, ისინი სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ.
"იარაღის ყიდვა უნდოდა, თავის ძმისთვის საჩუქარი რომ გაეკეთებინა. დაბადების დღე ჰქონდა და ფიქრობდა, რომ იარაღი ეჩუქებინა. ამის შესახებ მან გუშინ მითხრა. გუშინვე აპირებდა ყიდვას“, _ აცხადებს ნანიტაშვილი და დასძენს, რომ "ვინც იცოდა ძმისთვის იარაღის ყიდვას აპირებდა, მათ ალბათ არ უკვირთ, რომ მის მანქანაში იარაღი აღმოაჩინეს“.
თუმცა, "როდესაც ადამიანი თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ის სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს. არ არის კარგ ხასიათზე, არ ლაპარაკობს შვილების სწავლაზე უცხოეთში. ყვებოდა იმაზე, რომ შვილი ისრაელში იყო ამერიკიდან გაგზავნილი და ომის დაწყების გამო ამერიკაში დააბრუნეს. ასეთ საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობდა. ენერგიით და შემართებით იყო იმისთვის, რომ სხვადასხვა საქმეები გაეკეთებინა“, _ აცხადებს ნანიტაშვილი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ "თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, #37-ე "დ" კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი. მათივე ცნობით, მითითებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა). შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილია მისივე სახელზე 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც, სავარაუდოდ, მომხდარია გასროლა“.






































































