მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა განმარტებებს აკეთებს:

ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს გაეგზავნება უწყება ბრალდების წარსადგენად გამოცხადების თაობაზე, მაგრამ ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მის ოჯახს ეძლევა საშუალება ადვოკატის აყვანის, რომელსაც ჩაბარდება დადგენილება და ბრალდების წარდგენა მოხდება ადვოკატის მეშვეობით. ანალოგიური პროცედურები განხორციელდება დავით კეზერაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართაც, რომლებიც ასევე თავს არიდებენ გამოძიებას. რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს და გიორგი უგულავას, მათთვის ბრალდების წარდგენა მოხდება საპატიმრო დაწესებულებაში. ბრალდების დაუსწრებლად ადვოკატისთვის წარდგენის შემდგომ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე, _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები იქნა გამოტანილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას მიმართ.