თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დედაქალაქის მასშტაბით პატრულირებას მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა.
ეკიპაჟები კუს ტბის, ვაკის პარკის, ვერის ბაღის, 9 აპრილის ბაღის, მთაწმინდის პარკისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იყო გადანაწილებული. გარდა ამისა, თბილისში მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდა ორი ეკიპაჟი, რომელიც ოპერატიულად რეაგირებდა მოქალაქეებისგან შემოსულ ზარებზე.
13 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აქტიურადაა ჩართული ცხოველების მოძიების პროცესში. სტიქიის ღამეს სააგენტოს შესაბამისი სამსახურის ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ ზოოპარკში და ცხოველთა გადარჩენას ცდილობდნენ. ამ დრომდე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში რჩება ზოოპარკიდან გადაყვანილი 1 დათვი და 2 ბელი.
გარდა ამისა, სააგენტოს თანამშრომლები ოპერატიულ რეაგირებას ახდენდნენ მოქალაქეებისგან შესულ ზარებზე. დღემდე სააგენტოში შესულია 700-მდე ზარი. სააგენტოს თანამშრომლებმა რეაგირება ყველა მათგანზე მოახდინეს.
































































