"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, ქალაქ ოზურგეთის მერიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სამსახურებში, ასევე ა.(ა) ი.პ. – სა და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს დაევალათ , შეავსონ სპეციალური კითხვარები, სადაც უნდა მიუთითონ, რომელი თანამშრომელი და სოფლის გამგებელი, რომელი პარტიის წევრია და ადრე რომელ პარტიას წარმოადგენდა.
როგორც "გურია ნიუსს" რამდენიმე წყარომ განუცხადა, აღნიშნული ინიციატივა გუბერნიიდან წამოვიდა, რადგან თავდაპირველად მსგავსი დავალება გუბერნიის თანამშრომლებზე გაიცა.
"გურიის გუბერნატორმა, მოსვლისთანავე გუბერნიაში დასაქმებული თანამშრომლების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო, ის დაინტერესდა დასაქმებული საჯარო მოხელეები რომელი პარტიის მხარდამჭერი და წევრი იყო" _ განაცხადა ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა ეს ინფორმაცია, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა)ი.პ. სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი ავთანდილ მექვაბიშვილი ამბობს, რომ მას მოთხოვეს თანამშრომელთა მონაცემები.
"სახელი, გვარი მოგვთხოვეს და ეს თქვენც მოგაწოდეთ ადრე. გავაკეთე მონაცემები და გადავაგზავნე. მე მყავს 400 თანამშრომელზე მეტი , მაგას როგორ გავარკვევ ვინ რომელი პარტიის წევრია თუ მხარდამჭერი? ჩვენ მოგვთხოვეს თანამშრომელთა სია, რაც გადავუგზავნეთ ჩვენს ზემდგომს, მუნიციპალიტეტს".
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის, დაბა ლაითურის, ნატანების, ბოხვაურის, თხინვალის, წარმომადგენლებმა "გურია ნიუსთან" აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს:
ემზარ ბერიძე: – "კი შევავსე ეს გამოკითხვა, მე "ქართულ ოცნებას" წარმოვადგენ, მოადგილები უპარტიოები არიან.
ილია თავაძე : "კი, კი, ყველაფერი შევსებულია. მე "ქართულ ოცნებას" წარმოვადგენ."
გოჩა შარაშენიძე: "მე არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ არასდროს, უპარტიო ვარ. არაფერი არ შემივსია. ახლა სოფელში ვმუშაობ, სოფლის პროექტებს ვაკეთებ, მოსახლეობას ვხვდები. მე ვარ სოფლის რწმუნებული და ხალხის გაჭირვება უნდა მივიტანო გამგებლის ყურამდე."
გოჩა ჭეფხოძე: "მე "ქართული ოცნების წევრი " ვარ. ახლა თუ შევავსე? – არა ! მე მკითხეს რომელ პარტიაში იყავიო. მე სხვა პარტიაში არ ვყოფილვარ არასოდეს."
ომარ დოლიძე: "რესპუბლიკური პარტიის წევრი ვიყავი და ახლა რა ვიცი მე. გამოკითხვა კი შევავსე, რომელ პარტიას ეკუთვნითო. ჩემი მოადგილეებიიდან, პირველი მოადგილე კახა ვასაძე "ქართული ოცნების" წევრია, მეორე მოადგილე ამბობს უპარტიო ვარო და რა ვიცი მე".
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია, მისთვის ისედაც ცნობილია.
დავით დარჩია: "მე გზაში ვარ. არაფერი არ ვიცი, ან რაა აქ დასამალი. ეს ისედაც ცნობილია, ვინ რომელ პარტიას ეკუთვნის. რა პრობლემაა, ისედაც ყველა თანამშრომლის შესახებ გვაქვს ასეთი ინფორმაცია."
ქალაქ ოზურგეთის სკოლამდელი სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა ეკა ნინიძემ ეს ინფორმაცია უარყო.
"ნამდვილად არ ვიცი არაფერი, ჩემთვის არავის არაფერი არც მოუთხოვია და არც დაუვალებია" _ ამბობს ეკა ნინიძე.
ქალაქ ოზურგეთის მერის კომენტარი კი ასეთია: "გუბერნატორის მხრიდან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას არანაირი დავალება არ მიუღია. ასევე, არანაირი სია ქალაქის მერიაში არ დგება."
რაც შეეხება გურიის გუბერნატორის პოზიციას, უშუალოდ მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. კომენტარი ვერ გააკეთა გუბერნიის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ლომჯარიამ. როგორც თავად გაგვიცხადა, გუბერნატორს ვერც თვითონ დაუკავშირდა.
გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილე ქეთი მოისწრაფი შვილი კი "გურია ნიუსთან" მსგავს ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს:
"ეს არის აბსურდი. არანაირი მსგავსი რამ არც გუბერნიაში მომხდარა. არც გუბერნატორს მიუცია ვინმესთვის ასეთი დავალება."_განაცხადა ქეთი მოისწრაფიშვილმა.