საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობით, 57 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ამფეტამინი" ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე არტაკ ჰ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ შეიძინა და მათი საქართველოში უკანონოდ შემოტანა განიზრახა. არტაკ ჰ-მ სომხეთის რესპუბლიკიდან საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლოს" გავლით, საქართველოში თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის – TOYOTA LAND CRUISER-ის გაუქმებულ ავზში უკანონოდ შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები შემოიტანა. ავტომანქანის შემოწმებისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 96,460 ლიტრი თხევადი ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 57,24 კილოგრამ ნარკოტიკულ საშუალება "ამფეტამინს" და ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 226,681 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "მეტამფეტამინს" შეიცავდა.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქიმიური ექსპერტიზის დასრულებისა და ნივთიერებების ოდენობის დადგენის შემდეგ, არტაკ ჰ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.