ცოტაც კიდევ და შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის ბრწყინვალე ძეგლი_ იშხნის ტაძარი ხარაჩოებს მოიშორებს და მნახველთა წინაშე ძველი დიდებულებით წარსდგება.
უკვე მეორე წელია ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც საქართველო-თურქეთის შორის მოლაპარაკების საფუძველზე ხორციელდება.
აღდგენით სამუშაოებს ერთ-ერთი თურქული კომპანია აწარმოებს, რომელსაც ექსპერტების თქმით შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნია.
მიმდინარე წელს იშხნის ტაძარი ქართველმა მეცნიერებმაც მოინახულეს და სამუშაოებთან დაკავშირებით უკმაყოფილებაც გამოთქვეს.
რესტავრაციის დაწყებამდე იშხანი უაღრესად რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას დანგრევა ემუქრებოდა. ამ დროისათვის კი ტაძრის გუმბათიც გამაგრებულია და ბევრი სხვა სავალალო მდგომარეობაში მყოფი ნაწილებიც.
ტერიტორია შემოსაზღვრულია და მართალია, მშენებლები მნახველებს ტაძარში უსაფრთხოების ზომების დაცვის გამო, ჯერჯერობით, არ უშვებენ, მაგრამ მის მოსანახულებლად საქართველოდან უამრავი ტურისტი ჩადის.
იშხანი შუა საუკუნეების საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლია და ტაოში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს (ამჟამად თურქეთში).
თავდაპირველად ეკლესია აქ მე-7 საუკუნეში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა, რომელიც 1032 წელს ბაგრატ IV-ის მეფობის ჯამს საფუძვლიანად განაახლეს.
ნერსესეული ტაძრიდან საკურთხევლის აფსიდა და თაღებია შემორჩენილი.
2011 წელს ქართულმა ექსპედიციამ იშხანში მანამდე უცნობი ასომთავრული წარწერა გამოავლინა.