კახეთის გზატკეცილზე, საქართველოში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ცენტრი, "ისთ ფოინთი" გაიხსნა. ობიექტი საზეიმოდ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ გახსნეს.
"მინდა მივულოცო თბილისელებს, რომ ასეთი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. აქ არის ასევე სარეკრეაციო ზონაც და შესაძლებელია აქ ოჯახთან ერთად დასვენება. ეს სავაჭრო ცენტრი გათვლილია ყველა სეგმენტისთვის და მივესალმები მსგავსი პროექტების განხორციელებას, რადგან ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას", – განაცხადა ლაშა აბაშიძემ
სავაჭრო ცენტრი 85 000 მ2 ფართობს მოიცავს და მასში 150-ზე მეტი დასახელების ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მაღაზიაა განთავსებული. კომპლექსში განთავსებულია კავეას 10 კინო დარბაზი და რეგიონში პირველი IMAX ტექნოლოგიის კინო, 12 ხაზიანი პროფესიონალური ბოულინგი კონცეპტუალური კაფე&რესტორნით და სხვა.
"ისთ ფოინთ"-ის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 3 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.