პენიტენციური დეპარტამენტის გაუქმება, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობისა და პირობების გაუმჯობესება; რისკების მიხედვით კლასიფიკაცია და შესაბამის დაწესებულებებში გადანაწილება; პირველადი სამედიცინო დახმარება ყველა დაწესებულებაში; ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირება; კვების ახალი სტანდარტი; პაემნების რაოდენობის ზრდა _ ეს იმ მიღწევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში სამი წლის განმავლობაში განხორციელდა. თუმცა, უფლებადამცველების ნაწილი ამბობს, რომ უწყებაში პრობლემები რჩება, რეფორმა კი, ნელი ტემპით მიმდინარეობს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში – პენიტენციური სისტემის მიღწევები და არსებული გამოწვევები, საზოგადოებას, მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას, დღეს გააცნო.
"ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, რომელიც თავიდან ბოლომდე, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებთან ერთად, უწყების თითოეული თანამშრომლის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული", _ განაცხადა კახიშვილმა და დასძინა: "ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სისტემური დანაშაული არ ხდება ციხეებში".
"არ არის გამორიცხული და ლოგიკურიცაა, რომ ერთეულ შემთხვევებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი არ აქვს. სამინისტრო არც მალავს მსგავს შემთხვევებს", _ აღნიშნა კახიშვილმა.
"_ ინფრასტრუქტურული პროექტები, კვება, ჯანდაცვა – მნიშვნელოვანი პროგრესია; სამოქალაქო კლინიკებში რომ გადაგვყავს პატიმრები და პლასტიკურ ოპერაციებსაც კი ვუფინანსებთ, რომელსაც არცერთი დაზღვევის პროგრამა არ უფინანსებს, ესეც პროგრესია. რაციონი რომ 12 მენიუსგან შედგება – პროგრესია. კვებაზე რომ გაზრდილია დაფინანსება, ესეც პროგრესია. ასევე მივაღწიეთ რამდენიემ დაწესებულების გამოკლებით ევროპულ სტანდარტს კვადრატულ მეტრებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კმაყოფილებით უნდა ვუყუროთ იმას, რაც ხდება.
დავნერგეთ ახალი სისტემები, ძალიან მალე დავიწყებთ, იმ პატიმრების გაყვანას სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, რომლებსაც მუშაობის სურვილი ექნებათ და ინდივიდუალური კონტრაქტების დადებას იმისთვის, რომ დასაქმდნენ და ღირსეული ხელფასი მიიღონ. რატომ უნდა დავიქირავოთ რომელიმე ფირმა და გადავიხადოთ მეტი, როდესაც გვყავს უამრავი ადამიანი, რომლებიც პროფესიას ფლობენ და მუშაობის სურვილი აქვთ. ისინი მიღებული ხელფასით ოჯახსაც კი უზრუნველყოფენ მატრერიალურად.
გარდა ამისა, ვიცით, რომ ციხეებში წლების განმავლობაში ხდებოდა სხვადასხვა ნაკეთობების დამზადება, თუმცა ეს გამოფენების ფარგლებს არ სცილდებოდა, ახლა ვამზადებთ საიტს, სადაც პატიმრების მიერ დამზადებული ნივთების გაყიდვა იქნება შესაძლებელი, თანხები კი ელექტრონულ ბარათზე გადაერიცხებათ", _ აღნიშნა კახიშვილმა.
"_ვნერგავთ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას. დავიწყეთ არასრულწლოვანი მსჯავრდებულებით და დავასრულებთ სრულწლოვანი პატიმრებით. სადაც არ არის საჭიროება, რომ ადამიანი იჯდეს ციხეში, არ უნდა იჯდეს. ამისთვის ალტერნატული კონტროლის მექანიზმი ინერგება. ერთ-ერთი ძვირადღირებული სამაჯურები შევიძინეთ და დავნერგავთ.
ამასთანავე, საქართველოს მთავრობა მუშაობს ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების მექანიზმზე, სულ მალე წარმოადგენს საკუტარ მოსაზრებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტს, სადაც რამდენიმე ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახე დაემატება და ჩვენი სამინისტროს კონტროლის ქვეშ იქნება.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის სპეციალური ჯგუფის წევრებს მიეცემათ ციხეებში ფოტოგადაღების უფლება. ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული პოლემიკის და დისკუსიის საგანი. პარლამენტმა ამას მხარი დაუჭირა და სახალხო დამცველს 2016 წლიდან მიეცემა საშუალება თავად მსჯავრდებულის, ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანების ფოტოგრაფირების უფლება, ასევე მათი განთავსების და სანიტარულ-ჰიგიენური ადგილების ფოტოგადაღების უფლებაც. ერთია, რომ რეგულაცია არსებობს კანონში, მაგრამ მეორე, რომ წესები იყოს შემუშავებული, რადგან ეს ფოტოები იყოს საქმისთვის გამოყენებული და არა უაზრო პიარისთვის. ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ბრძანების დახვეწაზე", _ აღნიშნა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმას "შთამბეჭდავს" უწოდებს უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც.
"ძალიან შთამბეჭდავი ცვლილებებია. ორი რამ არის, რაც აუცილებლად უნდა იყოს და ორივე წარმატებით ხორციელდება – ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა ღირსეულ პირობებში და წესრიგი. ორივე მიმართულებით წინსვლა აქვს უწყებას", _ აღნიშნა სუბარმა ჟურნალისტებთან სამინისტროს სამწლიანი ანგარიშის მოსმენის შემდეგ.
თუმცა, მიუხედავად სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი სიახლეებისა, უფლებადამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უწყებაში პრობლემები ჯერ კიდევ რჩება.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გაკეთებული ბევრია, თუმცა გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია.
"გაკეთებული საკმაოდ ბევრია, რადგან აქამდე ამ სისტემისთვის თავისუფლად შეიძლებოდა ჯოჯოხეთი დაგერქმია, ახლა მიდგომები შეიცვალა.
ეს "ჯოჯოხეთი" სჭირდებოდათ და ასეთით მართავდნენ ქვეყანას. ქვეყნის ხერხემალი სწორედ ეს იყო, არა პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო; ამ "ჯოჯოხეთიდან", ხდებოდა ყველა პრობლემის გადაჭრა – დაწყებული სამართლებრივი, ფინანსურ, ეკონომიკური, პოლიტიკურით; არჩევნებით, ასევე, ბიუჯეტის შევსებისთვისაც ი იყენებდნენ. დღეს ეს ჯოჯოხეთური სისტემა მოიშალა და ეს, რა თქმა უნდა, კარგია. ბევრი გაკეთდა, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ იქ ახლა სამოთხეა, მაგრამ რეალურად არის ადამიანური პირობები", _ აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.
უფლებადამცველი უწყებაში არსებული პრობლემებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანს გამოყოფს და ამბობს, რომ უდო-ს კომისიის მუშაობა, რისკების მიხედვით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა დროულად განთავსება, ციხეების დაუსრულებელი რემონტი, ძველი კადრები, – ჯერ კიდევ პრობლემად რჩება.
"მესმის, რომ რეჟიმის მოთხოვნები, ადამიანური და არა "სადისტური" წესრიგი უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ ვხედავ, რომ კვლავ ძალიან პრობლემურია ვადამდე პირობით ადრე გათავისუფლების (უდო) საკითხი. რეალურად, ვადამდე პირობით ათავისუფლებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც 2-3 თვე აქვთ დარჩენილი. ეს კანონისმიერი მუშაობა არ არის, რადგან კანონში წერია, რომ თუ არის მძიმე დანაშაული ჩადენილი 2/3 უნდა ჰქონდეს მოხდილი, თუ ნაკლებადმძიმეა, ნახევარი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრები კი ¾-ის მოხდის შემდეგ გათავისუფლდებიან. სამინისტროში ამ საკითხს ძალიან ფორმალურად ეკიდებიან. გარდა ამისა, პატიმრებს, რომელთა საქმეებსაც განიხილავენ, არც ნახულობენ. 300-400 პატიმრის საქმეს როცა განიხილავენ, მესმის რომ ძნელია მათთან შეხვედრა, მაგრამ არცერთთან არ მიდიან. უბრალოდ, ქალღალზე დაწერილ მონაცემებს ამოწმებენ. კურიოზია ის ფაქტიც, რომ უდო–ს კომისიის გადაწყვეტილების მხოლოდ გაუქმების უფლება რომ აქვს მოსამართლეს. კომისია კი, ხელახლა საქმეს არ განიხილავს. ასაჩივრებს გადაწვეტილებას უზენაესში და ასე დროც გადის და საჭიროებაც აღარ არის ამ კომისიით პატიმრის გათავისუფლების. ამ საკითხზე ნალაპარაკები მაქვს მინისტრთან და უთქვამს, რომ შესაძლებელია, მთლიანად სასამართლოზე გადავიდეს პატიმართა გათავისუფლების საკითხი და ეს კომისია გაუქმდეს. ეს გამოსავალი იქნება", _ აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.
გარდა ამისა, ნიკოლაიშვილს მიაჩნია, რომ სისტემაში პრობლემად რჩება ძველი კადრების არსებობაც.
"მართალია მასობრივად არა, მაგრამ ისევ არიან ძველი კადრები. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ კვება და სამედიცინო მომსახურება გამოსწორდა, მოთხოვნილებებს მაინც ვერ აკმაყოფილებს. პატიმართა რაოდენობა თანდათან იზრდება, არ მცირდება. რეალურად, პრობლემა არის ის, რომ ამბობენ, ახლა ამ დაწესებულებას გავხსნით, ცოტა ხანში იმ დაწესებულებასო, სადაც რისკების მიხედვით განათავსებენ პატიმრებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.
მაგალითად, მე-7 დაწესებულება რომ არსებობს, ეს უკვე პრობლემაა. როგორც სახალხო დამცველი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც დადგენილია. აქ სულ რამდენიმე ათეული პატიმარია და მათი გადაყვანა სხვა დაწესებულებაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ესენი კი, ლაითურის გახსნას ელოდებიან, რომელიც ძალიან გვიან იქნება. მხოლოდ ჩონჩხია და 2 წელი მაინც დასჭირდება მის წესრიგში მოყვანას. მე-6 დაწესებულება აშენებულია, რემონტი მიმდინარეობს, სადაც პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ამ პატიმრების განთავსება, სულ რაღაც 40 ადამიანზეა საუბარი. ამაზე დიდი ხანია მიდის ლაპარაკი მაგრამ პრობლემა არ წყდება.
გარდა ამისა, მე-16 დაწესებულებაზე რომ თქვეს ხალხს ვასაქმებთო, კი ასაქმებენ, მაგრამ სულ რამდენიმე ათეული კაცია გადაყვანილი, მაშინ, როდესაც 1000-ზე მეტი ადგილია. ამბობენ, რომ დასაქმებისთვის ადგილები არა აქვთ, ამიტომ იქ პატიმრებს ტყუილად ვერ გადაიყვანენ, მიდგომა კარგია, მაგრამ რამდენიმე ათეული ადამიანის გადაყვანა საქმეს ვერ წყვეტს, მაშინ, როდესაც 1000-1500 ადამიანის ადგილი ცდება. უნდა მოახერხონ სამუშაო ადგილების შექმნა და დროშასავით გამოკიდებული არ უნდა ჰქონდეთ, რომ ე.წ. სამუშაო ზონა გავხსენითო. ძალიან ბევრი პატიმარი მიკავშირდება და გამოთქვამს სურვილს, გადასვლისას და მუშაობისას. მთავარია, რასაც ამბობენ სამინისტროში დროულად განხორციელდეს, რადგან ე.წ. რემონტები და გახსნები ძალიან გაიწელა", _ აცხადებს ნიკოლაიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლიაშვილი სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით, სისტემა უფრო მეტად გახსნილია, ვიდრე წინა წლეში იყო.
"ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია სისტემაში. ჩვენ გვქონდა პობლემა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რაც მისასალმებელი და დასაფასებელია", _ აღნიშნა კლდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.



































































