საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ადვოკატებს ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდებს.
"ადვოკატების დიდი ბრძოლის შედეგად დაკავებული იქნა ადვოკატ გიორგი მდინარაძის სავარაუდო მწამებელი ლაშა კვირკვაია რომლის ინტერესებს იცავს ადვოკატი კობა კობახიძე . კობა კობახიძემ განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 18:00 საათიან მოამბეში , რომ ადვოკატმა მდინარაძემ თურმე დაზიანებები თვითონ მიიყენა. კოლეგებო, ეს უკვე მეტისმეტია! მე ქვეყანა შევყარე ადვოკატის წამებაზე , ვიბრძვი ჩვენი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის და ეს რა მესმის ? გთხოვთ ადვოკატებს, ხვალ მოხვიდეთ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 2 საათზე სადაც გაიმართება ლაშა კვირკვაიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო განხილვა . პროკურატურა , როგორც აცხადებენ, შუამდგომლობას სასამართლოში 11 საათზე შეიტანს. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ალბათ, სასამართლო პროცესი გაიმართება დაახლოებით 2 საათზე", _ წერს ხატიაშვილი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.
ცნობისთვის, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ინფორმაციით, ის ვაკის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა ცემეს.
ადვოკატის ცემის ფაქტზე თბილისის პროკურატურაში შსს თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
10 ნოემბერს, შსს-მ ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია თანამდებობიდან გაათავისუფლა, 13 ნოემბერს კი, კვირკვაია დააკავეს.