"ოცნების ქალაქში" 1000-მდე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ყველა მათგანს ერთი ოცნება აქვს: ახალ წელს თოვლის ბაბუა ესტუმროს." – აქციაში, რომელიც ამ დღეებში დაიწყო, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, როინ გუნდაძე თქმით, საუბარიც არ არის საჭირო, ყველაფერის ნათელი ეფინება, როდესაც უცხო ადამიანი შემოდის "ოცნების ქალაქში." აქ ანტისანატირია მეფობს, რაც ხშირად სხვადასხვა დაავადებებს იწვევს ბავშვებში.
" საახალწლოდ ბავშვებისთვის წამოვიწყეთ საქველმოქმედო აქცია, რომლითაც აბსოლუტურად ყველას შეუძლია საჩუქრის გაკეთება. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრებმა დაგვირეკეს და გვკითხეს, თუ შეეძლოთ მათ ამ აქციაში მონაწილეობა. რა თქმა უნდა შეუძლიათ, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალებად. ბავშვები პოლიტიკიდან შორს უნდა იყვნენ. ეს კარგად უნდა გავიაზროთ ყველამ. მთავარია ბავშვისთვის გაკეთდეს საჩუქარი და ეს საახალწლო დღეები გავულამაზოთ," – გვითხრა როინ გუნდაძემ.
"გურია ნიუსი" "ოცნების ქალაქში" იმყოფებოდა და შეეცადა გაეგო, რა სურთ ბავშვებს?
გიორგი ბერიძე 9 წლისაა. ის ხატავს.
"თოვლის ბაბუა დავხატე… თოვლის ბაბუას საჩუქრების ჩანთა აქვს და საახალწლო დღეებისთვის ემზადება. მინდა, რომ ეს თოვლი ბაბუ ნამდვილად არსებობდეს და ჩემს მეგობრებს, რომელიც ცხოვრობენ "ოცნების ქალაქში" საჩუქრები დაურიგოს." – გვითხრა გიორგიმ.
4 წლის ზეინაბი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ის თოვლის ბაბუას ელოდება, 14 წლის მარადის კი პატარა ბავშვებისთვის საჩუქრების გაკეთება უნდა.
"მინდა, რომ ჩემზე პატარებს ყველა სურვილი აუსრულდეს. ჩემთვის არაფერი არ მინდა" – გვითხრა მარადიმ.
რუსლანი 10 წლისა და საახალწლო ოცნება გაგვიმხილა. "ვიცი, რომ ბავშვური სურვილი არ არის, მაგრამ ტელეფონი მინდა, რომ მქონდეს"– გვითხრა რუსლანმა.
8 წლის თამრიკო ამბობს, რომ მას უნდა საკუთარი სახლი ჰქონდეს:
" მე მინდა სახლი და ველოსიპედი. კიდევ ჩემი ოთახი მინდა მქონდეს და თოჯინები." – გვითხრა თამრიკომ.
"ფული არ გვაქვს, მაგრამ ბავშვებისთვის ნაძვის ხის ყიდვა მაინც მოვახერხეთ, რა უნდა გავაკეთოთ აბა… ბავშვებს უხარიათ ეს დღესასწაული და ცოტათი მაინც შევუმსუბუქებთ ცხოვრებას. ატრაქციონები მათ არ აქვთ და საფეხბურთო მოედანი.
როცა საშუალება გაქვს, ყოველთვის ახალი წელია. როდესაც არ გვაქვს საშუალება, გარეთაც არ გამოვდივარ ქოხიდან. რა გითხრათ მეტი, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აქ ყველაფერი პრობლემაა." – გვითხრა "ოცნების ქალაქში" მცხოვრებმა ვლადიმერ ქამადაძემ.
და ბოლოს, ვისაც სურვილი აქვს შეურთდეს საახალწლო აქციას, შეუძლიათ მივიდნენ შემდეგ მისამართზე: ბათუმი, აღმაშენებლის 13 კვლევითი ინსტიტუტის შენობა. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტის" ოფისი ან დაუკავშირდნენ ტელეფონზე: 577-510-704, როინ გუნდაძე; 591-98-93-76, დავით არძენაძე.
იგეგმება თუ არა საახალწლო დღეებში ე.წ. "ოცნების ქალაქში" ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" აჭარის მთავრობის პრესსამსახურს მიმართა.
" ოცნების ქალაქში" ტერიტორიაზე უკანონოდ დასახლებულ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები დადიან სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც წინასახალწლოდ ეწყობა ღონისძიებები. გარდა ამისა, მათ მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც დაგეგმილია ქალაქის ტერიტორიაზე. სხვადასხვა ტიპის უფასო ღონისძიების ფარგლებში ანიმატორები მოაწყობენ საჩუქრების გათამაშებასაც. ნებისმიერ მშობელს შეუძლია ბავშვები მიიყვანოს ყველა სასურველ ლოკაციაზე და ჩართოს ბავშვი მისთვის სასურველ ნებისმიერ ღონისძიებაში."-გვითხრეს პრესსამსახურში.