ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, რომელიც სხდომას ესწრებოდა.
მისი თქმით, მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო. ნაცვლიშვილის განმარტებით, ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა, ლევან მურუსიძემ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.
მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო. ამ დროისთვის, საბჭოში 14 წევრია.
მოსამართლეთა არცევის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმაურისა და აქციის ფონზე მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მურუსიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით გასულმა წევრებმა ვახტანგ თოდრიამ, ევა გოცირიძემ და კახა სოფრომაძემ.
ასევე მურუსიძეს ხმა მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე შვიდმა წევრმა, ხოლო მერვეს თავად ლევან მურუსიძეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გოცირიძემ, თოდრიამ და სოფრომაძემ შეასრულეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ე.წ. შუშის სასახლეში ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მიღებული. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გრძელდება, ისინი მოითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაშლას. მათი განცხადებით, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

































































